რეზონანსი
11.01.2026

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტი ევროპელ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგების შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპისთვის არქტიკას დაიცავენ.

სამხედრო მეთაურები კუნძულზე ნატოს შესაძლო მისიისთვის გეგმებს ამზადებენ, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი უსაფრთხოების მიზეზებით გრენლანდიის ხელში ჩაგდებით იმუქრება. ბოლო დღეებში ბრიტანელი ოფიციალური პირები შეხვდნენ კოლეგებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა გერმანია და საფრანგეთი, რათა მზადება დაეწყოთ.

გამოცემის ცნობით, გეგმები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, შეიძლება გრენლანდიის რუსეთისა და ჩინეთისგან დასაცავად კუნძულზე ბრიტანელი ჯარისკაცების, სამხედრო გემების და თვითმფრინავების განლაგებას მოიცავდეს.

„ევროპული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ არქტიკაში მათი ყოფნის მნიშვნელოვნად გაძლიერება ბატონ ტრამპს დაარწმუნებს, სტრატეგიული კუნძულის ანექსიის ამბიციაზე უარი თქვას“, - წერს The Telegraph-ი.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ ევროკავშირი აშშ-ის კომპანიებისთვის სანქციების დაწესების გეგმებს ამზადებს, თუ ტრამპი ნატოს ძალების გრენლანდიაში განლაგების შეთავაზებას უარყოფს.

„ტექნოლოგიურ გიგანტებს, როგორიცაა Meta, Google-ი, Microsoft-ი და X-ი, შესაძლოა, კონტინენტზე ოპერირება შეეზღუდოთ, ისევე როგორც ამერიკულ ბანკებსა და ფინანსურ ფირმებს. უფრო ექსტრემალური, უკიდურესი ვარიანტი შეიძლება იყოს აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში არსებული ბაზებიდან გამოძევება, რაც ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ოპერაციებისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პლაცდარმს წაართმევს“, - წერს The Telegraph-ი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×