რეზონანსი
10.01.2026

ირანში მსხვერპლის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დაღუპულთა შორის 8 ბავშვია. საპროტესტო მოძრაობის ჩახშობის მიზნით, ხელისუფლებამ რეგიონებში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფები გადაისროლა. მედია წერს, რომ ძალოვანები დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ.

ღამით, ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო პროტესტს ცეცხლით უპასუხა. ამერიკული "თაიმსის" ცნობით, დედაქალაქის მხოლოდ ექვს საავადმყოფოში, დადასტურებულია დემონსტრანტების მკვლელობის 217 ფაქტი. მოქალაქეების უმეტესობა ძალოვანების მიერ ნასროლ ტყვიას ადგილზე ემსხვერპლა. გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ხელისუფლებამ საავადმყოფოებიდან ცხედრები გაიტანა. დაღუპულთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან.

ქვეყანაში პროტესტის რამდენიმე ეპიცენტრია. შეტაკებებია ათობით უმსხვილეს ქალაქში, ყველაზე რთული ვითარება ახლა თეირანშია. სამთავრობო შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები, მეჩეთები, კულტურული და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები - ათობით შენობა ცეცხლის ალშია გახვეული.

დედაქალაქში შეტაკებები სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს. ყველაზე ცხელი ზონა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია, ვალიასრის ქუჩა, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რევოლუციის მოედანია.

ანტისამთავრობო პროტესტის დაშლის მიზნით, ხელისუფლება სხვადასხვა ზომას მიმართავს. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი, ჩაახშეს სატელეფონო კავშირი.

დემონსტრაციების აღსაკვეთად მიღებული ზომების მიუხედავად, ქვეყნის ქალაქებსა და დასახლებებში პროტესტი არ წყდება. ღამით, ირანის 22 პროვინციაში 116 დემონსტრაცია გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობა ათასობით მოქალაქემ მიიღო.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანის რამდენიმე მსხვილი ქალაქი დემონსტრანტებმა დაიკავეს. მათ შორისა აბდა-ნანი, მალექ-შაჰი, ლორდ-ეგანი და მაშ-ჰადი.

მიმდინარე ვითარებას გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ, დემონსტრანტების მკვლელობის შემთხვევაში, შტატები ირანის ხელისუფლებას დაარტყამს.

ვაშინგტონს პასუხობს ოფიციალური თეირანი. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებსა და ისრაელს ბრალდებებს უყენებს.

პროტესტის ფონზე, ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავს ირანის უკანასკნელი შაჰის ვაჟი და ოპოზიციის ლიდერი - რეზა ფეჰლევიმ საკუთარ მიმართვაში დემონსტრანტებს ქალაქების აღებისკენ მოუწოდა.

ირანში დემონსტრაციები 14 დღის წინ, ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო. მოქალაქეები ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას, მთავრობისა და ქვეყნის სულიერი ლიდერის გადადგომას ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×