
მმართველი პარტია აპირებს პარლამენტი, მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის მერია და 9 სამინისტრო არსენალის მთაზე გადაიტანოს. 10 იანვარს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის კონკურსი გამოაცხადა. რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილება და ხომ არ დგას ამის უკან რაიმე პოლიტიკური კონტექსტი?
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მასშტაბური პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს.
„სამთავრობო ქალაქის პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება. გენერალური გეგმა უნდა მოიცავდეს ტერიტორიის ფუნქციურ გადანაწილებას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხო და რაციონალურ განვითარებას, ქალაქის არსებულ ქსელთან სრულფასოვან ინტეგრაციას, ასევე ლანდშაფტური დაგეგმარებისა და კეთილმოწყობის საკითხებს.
„პროექტის ფარგლებში უნდა განისაზღვროს უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების განთავსების ზონები, სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური და დარგობრივი უწყებების საოფისე და ღია და დახურული ღონისძიებების სივრცეები. გათვალისწინებული უნდა იყოს მიწისქვეშა და მიწისზედა სატრანსპორტო, საპარკინგე, სარეკრეაციო და გამწვანების ზონები, ტექნიკური აღჭურვილობისა და საინჟინრო კომუნიკაციების დამხმარე ინფრასტრუქტურა.
„სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, საგარეო, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და კულტურის სამინისტროები. ასევე, თბილისის მერია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
„წინასაპროექტო კვლევები მოიცავს ტერიტორიის სრულფასოვან შესწავლას, არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ტოპოგეოდეზიურ და გეოლოგიურ კვლევებს, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების ანალიზს. სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის გამოცხადებული ბაზრის კვლევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ გვერდებზე", - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე სამთავრობო შენობების არსენალის მთაზე გადატანას პოლიტიკურ და ფინანსურ მიზეზებს უკავშირებს.
„წინა ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, ახლა ამათ არსენალის მთაზე გადააქვთ.
- ამის ერთი მიზეზი ის არის, რომ პარლამენტთან აქციები რაღაცნაირად დაასრულონ, არა მარტო ახლანდელი, არამედ მომავალში მოსალოდნელი;
და მეორე, რა თქმა უნდა, ფინანსური ინტერესებია, რადგან ქალაქის ცენტრია და ხომ წარმოგიდგენიათ მანდ უძრავი ქონება რა ეღირება. ისიც ხომ იცით, რომ მას ვიღაც შემთხვევითი მყიდველი ხელში ვერ ჩაიგდებს. ესეც ფინანსური სარგებელია. მას ან ბიძინა ივანიშვილი იყიდის, ან ვინმე უცხოელი, რომელთანაც წილში იქნებიან, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომაც დაწესებულებების იქ გადატანა აწყობთ. ცოტა ხანში შეიძლება პრეზიდენტის სასახლეც გადაიტანონ და იქნება პატარა, დაზღვეული სამთავრობო ქალაქი. ფაქტობრივად, იზოლირებული იქნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებული არ არის.
„არ მგონია ეს პოლიტიკურ კონტექსტთან იყოს დაკავშირებული. რუსთაველზე პროტესტები ისევ გაგრძელდება.
- 9 აპრილიდან და მანამდეც ეს ადგილი დამკვიდრდა პროტესტის ადგილად. თუნდაც, მაგალითად, როცა პარლამენტი ქუთაისში გადავიდა, თბილისში პროტესტებს ეს ფაქტი ხელს არ უშლიდა.
„მსოფლიოში ეს პრაქტიკა მიღებულია. მაგალითად, კარგად მახსოვს, ისრაელში თავდაცვის სამინისტროსა და ძალოვანების გარდა, დანარჩენი სამინისტროები ერთად იყო და საკმაოდ ჰარმონიულად მუშაობდნენ. ჩვენზე გაცილებით დიდ სახელმწიფოებს არ უკავიათ ამხელა ადგილები და ასე ცალკე სამინიატროები გამოყოფილი არ არის. ეს საჭიროა აქაც", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".