
საქართველო ფეხზე დგას და სტაბილურობას ინარჩუნებს, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და ამ მაჩვენებლითაც რეგიონში მოწინავეთა შორის ვართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
იგი ამგვარად გამოეხმაურა გაერო-ს ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება.
გიორგი ვოლსკის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკეთესიც იქნებოდა, რომ არა ქვეყანაზე არსებული ყოველმხრივი შემოტევა.
„ჩვენ განვიცდით და ძალიან ვგულშემატკივრობთ ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას უკრაინაში. მიუხედავად ამ ნგრევისა, რასაკვირველია, სტაბილურობას განაპირობებს ეკონომიკური ზრდა და გვირაბის ბოლოს რაღაცა სინათლე. ეს ჩვენთვისაც საინტერესოა, მნიშვნელოვანია და უკრაინელი საზოგადოებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. თუმცა, მინუსიდან ზრდაზეა აქ ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ნგრევიდან, მიწასთან გასწორებული ეკონომიკიდან წამოზრდაზე, მცირედით, მაგრამ კარგი ნიშანია.
რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, ალბათ მეტიც იქნება. ფაქტია, რომ ჩვენ ამ ნიშნით მოწინავე პოზიციაზე ვდგავართ და გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ არა ეს ყოველმხრივი შემოტევა, მათ შორის შიდა ექსტრემისტული ძალების მობილიზება ეკონომიკისა და სტაბილურობის საწინააღმდეგოდ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს პოლიტიკური ნიშნითაც უნდა შევაფასოთ, რადგან ასეთი შეფასება გარკვეულ დასკვნებამდე გაგვიყვანს. საქართველო ფეხზე დგას და სტაბილურობას ინარჩუნებს, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნებულია და ამ მაჩვენებლითაც რეგიონში მოწინავეთა შორის ვართ“, – განაცხადა ვოლსკიმ.