
ეს არის „დიფ სთეითის“ სცენარის მეორე ნაწილი, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ე.წ კამიტით მოწამვლის კამპანიასთან დაკავშირებით საუბრისას. სოსიაშვილის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც „კამიტით“ მოწამვლასთან დაკავშირებით ფილმებში მონაწილეობენ „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულნი, არამედ საკუთარი სამშობლოს სიძულვილით.
„პირველი ნაწილი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩაფლავდა. ვერ გაიყიდა საზოგადოებაში მათი შეთხზული ტყუილი მოწამვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ არსებულ ამბავს ედავებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. დადასტურდა, რომ არანაირი მსგავსი ნივთიერება არ ყოფილა და რა კი ეს სცენარი ვერ განხორციელდა და უზარმაზარი თანხები დაიხარჯა ამ სცენარის მომზადებისთვის, განხორციელებისთვის. შემდეგ უკვე მეორე ნაწილზე გადავიდნენ - ფილმების მომზადება დაიწყეს და სხვათა შორის, ერთ-ერთ ამ ფილმში მთავარ როლში იქნება ბუმბულგაცვენილი თუთიყუში, რომელსაც გვარამია გაახმოვანებს ციხიდან, იმიტომ რომ მისი ხმა ყველაზე უკეთესად მოუხდება თუთიყუშის საუბარს.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის მორიგი, თავსმოხვეული, „დიფ სთეითის“ მიერ შემოტანილი ცრუ ნარატივი და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ ფილმში მონაწილეობას იღებენ, „კამიტით“ კი არ არიან მოწამლულები, სამშობლოს სიძულვილით არიან მოწამლულნი და მათ ერთადერთი მზიანი ამოძრავებთ, რომ როგორღაც ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ამ საწამლავს იყენებს „დიფ სთეითი“ მათი გონების ასამღვრევად“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.