
გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთმა საკუთარი ტანკერის დასაცავად, რომლის დაკავებას აშშ ვენესუელის სანაპიროსთან ცდილობდა, წყალქვეშა ნავი გააგზავნა. გამოცემის ცნობით, წყალქვეშა ნავმა ტანკერი რუსულ პორტამდე უნდა მიაცილოს ისე, რომ ის არავინ დააკავოს.
როგორც The Wall Street Journal-ი წერს, საუბარია გემზე სახელწოდებით Marinera. ის ორი კვირის განმავლობაში ვენესუელის სანაპიროსთან ამერიკული ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. საბოლოო ჯამში, ტანკერი ვენესუელის პორტში ვერ შევიდა და ნავთობით ვერ დაიტვირთა.
ამის შემდეგ გემმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, რა დროსაც მას ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავი აედევნა. ადევნების ოფიციალურ მიზეზად იმ ფლოტის გემების საქმიანობის აღკვეთა დასახელდა, რომლებსაც, აშშ-ის ვერსიით, მთელ მსოფლიოში, რუსეთის ჩათვლით, არალეგალური ნავთობი გადააქვთ.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ დეკემბერში რუსული გემის დაკავების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ახლა ტანკერი ისლანდიასთან არის და ჩრდილოეთის ზღვისკენ მიემართება.