რეზონანსი
03.01.2026

აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ცხინვალში სეპარატისტებმა "ჯაშუშობის" საბაბით დააკავეს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით გაათავისუფლეს, უცნაური ფორმით იხსენებს როგორ გადმოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე:

"...მიმიყვანეს ერგნეთში, სადაც მოლაპარაკებები იმართება... ერგნეთის მხრიდან კაცები მოდიოდნენ, კამერებით იყვნენ, ზოგს სამოქალაქო ფორმა ეცვა, სამხედრო ფორმებიც ეცვათ და იმათ უთხრეს - გადმოგცემთ თქვენს მოქალაქეს. ძლივს მოვდიოდი მართლა, სუნთქვა, სიარული - ყველაფერი მიჭირდა. ამ დროს 2 კამერით მიღებდა ეს ხალხი - ახლა ვათვალიერებდი და არსად არ დევს ეს ვიდეოები, მე როგორ გამომიყვანეს. მიმიყვანეს გორის ჰოსპიტალში, გამოკვლევებისთვის და გადასხმებისთვის - ვიდრე მიმიყვანდნენ, მე გზაში მოვითხოვე ტელეფონი - ადვოკატთან მინდოდა დარეკვა, არ მაძლევდნენ უფლებას არც გორის ჰოსპიტალში - ცოტა ხმამაღალი საუბარი მომივიდა და დამარეკინეს... სანამ ველოდებოდით ადვოკატს, მერე შემოვიდნენ კიდევ სხვა მამაკაცები, რომლებმაც მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მცხეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე. რაზეც ვუთხარი, რომ ამ მდგომარეობაში, ნაშიმშილარი, ღამე, ძლივს ვლაპარაკობ - თავი არ მუშაობს, რა აუცილებლობაა-მეთქი... იქ კითხვა დავსვი - მოხვედით როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლები, რას მთავაზობთ-მეთქი. ერთ-ერთმა მითხრა, რომ მე თვითონ ვიწროდ ვცხოვრობო, პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და თუ გინდაო ჩემ მანქანაში გაათენეო - აი, ასე დამთავრდა ჩემი გამოთავისუფლება... დამტოვეს ადვოკატთან, წავიდნენ ის კაცები და მე ასე ვარ იმის მერე... 

ასე ამბობენ, რომ ჩვენი დიდი ძალისხმევით მოხდა თამარის გათავისუფლებაო - რა არის ძალისხმევა? მე რომ ყველაფერი დავკარგე და აქაც ჰაერში რომ ვარ გამოკიდებული? მე იქ არავინ არ მკლავდა და ციხეში იყო ჩვეულებრივი პირობები... ჩემი რაიონის ტერიტორიაზე მაინც ვიყავი, მართლა არ მოვიკლავდი თავს... მე იქიდან მინდოდა ბრძოლა - ამათ გამომიყვანეს და მორჩა, დამთავრდა ყველაფერი. არანაირი ძალისხმევა არ სჭირდებოდა ჩემს იქიდან გამოყვანას - გაგლოევი ელოდებოდა როდის მოვშორდებოდი მე იქიდან" - თქვა თამარ მეარაყიშვილმა "ბათუმელებთან" ინტერვიუში.

აქტივისტი ახლა თბილისში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×