
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, ცვლილებები შედის საქართველოს მთავრობის №4, №400, №442, №426 და №407 დადგენილებებში. ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.
ახალი რეგულაციით იცვლება რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში მხოლოდ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მოთხოვნა. ამასთან, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას სავალდებულო ხდება სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვა ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება M1 (მინივენი), M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რაც უზრუნველყოფს მძღოლის სამუშაო და დასვენების რეჟიმების და გადაადგილების სიჩქარის კონტროლს.
ახალი ვალდებულების ამოქმედებისთვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ტაქოგრაფი:
• თბილისი – ბათუმი: 2027 წლის 1 ივნისიდან;
• სხვა ყველა 50 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობა:
• თბილისი – ბათუმი: 2027 წლის 1 მარტიდან;
• სხვა ყველა დასახლება: 2027 წლის 1 დეკემბრიდან.
აღნიშნული მიდგომა შექმნის დაბალანსებულ და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხოების ხელშეწყობას, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, საგზაო უსაფრთხოების განვითარებასა და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კონკურენტული გარემოს შექმნას.