
შვეიცარიული ყოველკვირეული გაზეთის Die Weltwoche-ის მთავარი რედაქტორი, როჯერ კეპელი, შესაძლოა, მალე ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს. ბრიუსელის მხრიდან ეს გამოხატვის თავისუფლებაზე კიდევ ერთი თავდასხმა იქნება, წერს გერმანული Berliner Zeitung-ი. მანამდე, გერმანულ გამოცემა WELT-ზე, როჯერ კეპელის სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ის ბრიუსელის მიერ ევროპული ღირებულებების ღალატსა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობაზე საუბრობს. ავტორმა აღნიშნა, რომ ის სულ უფრო მეტად ხედავს ევროკავშირს, როგორც საფრთხეს ევროპისათვის - ბევრად უფრო დიდს, ვიდრე ჩინეთს ან რუსეთს.
„ჩემი უმნიშვნელო, მოკრძალებული შვეიცარიული პერსპექტივიდან, ევროკავშირი ავტორიტარულ სტრუქტურად გარდაქმნის გზაზე დგას. მისი იდეალების ერთგვარი მონსტრული გარდაქმნა მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ, დღისით-მზისით“, - აცხადებს კეპელი. ის სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ევროკავშირი მას შემდეგ დამახინჯდა, რაც სანქციების ბოლო სია გამოაქვეყნა, რომელშიც შვეიცარიის მოქალაქეც მოხვდა. მისივე თქმით, მხოლოდ დიქტატორები და ავტოკრატიული მმართველები სჯიან განსხვავებულ აზრს.
როგორც კეპელი აღნიშნავს, შვეიცარიის მოქალაქის სანქცირება ვლადიმერ პუტინის საომარი მანქანის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მისი რეალური მიზანია ევროკავშირის მრავალი მოქალაქის დაშინება, რომლებიც აღარ ეთანხმებიან საკუთარი მთავრობების პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებით, მიესალმებიან აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო პროცესს და სურთ, რომ ევროკავშირმა ხელი შეუწყოს მას, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ძირს უთხრიდეს.
გერმანელმა იურისტმა და ბიზნესსამართლის პროფესორმა ვიქტორ ვინკლერმა შვეიცარიელ გამომცემელსა და პუბლიცისტ როჯერ კეპელს გახმაურებულ ინტერვიუში ურჩია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ევროკავშირს. ამ სასწრაფო მიმართვის მიზეზი არის ის რეალური საფრთხე, რომ Die Weltwoche-ს მთავარი რედაქტორი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდეს. ის, რაც სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად ჩანდა, ახლა ნეიტრალური ევროპული ქვეყნის ჟურნალისტისთვის კონკრეტული საფრთხეა.
სტატიაში ცალკე აღნიშნულია, მედიის ნაწილის რეაქციაც, რომელიც შემაშფოთებელია. იმის ნაცვლად, რომ კოლეგა ჟურნალისტის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქცია პრესის თავისუფლებაზე თავდასხმად შეფასდეს, ზოგიერთები მას ღიად დასცინიან. Die Zeit-ის რედაქტორმა იორგ ლაუმ, პლატფორმა X-ზე კეპელის გაფრთხილების შესახებ ცნობაზე კომენტარი დაწერა: „კარგია. მოღალატე“. აღსანიშნავია ისიც, რომ პოსტი მოგვიანებით წაიშალა. ეს კომენტარები აჩვენებს, რომ ინციდენტი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სოციალურ მედიაში დაუფიქრებლად გამოქვეყნებული პოსტი. როგორც ჩანს, იზრდება სურვილი, დასაჯონ და სოციალურად გარიყონ ისინი, ვინც არასასურველ მოსაზრებებს აჟღერებს. ეს მოვლენა, პირველ რიგში, განსაკუთრებით აძლიერებს იმ კრიტიკოსების არგუმენტებს აშშ-ში, რომლებიც დიდი ხანია ადანაშაულებენ ევროპას განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის შემცირებაში. როდესაც პოლიტიკური აღმასრულებელი ორგანო დახურულ კარს მიღმა წყვეტს, რომელი ჟურნალისტური საქმიანობა იმსახურებს სანქციებს, ამით სახიფათო პრეცედენტი იქმნება.