
პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე, რომან გოცირიძის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ოცნების“ მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით, ამბობს, რომ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სწორედ რომან გოცირიძის ეკონომიკური ხედვების ბრალია.
„რომან გოცირიძე, იგივე „კუპონა“, რომელმაც 90-იანებში, ფინანსური რეფორმის შემდეგ, ჩვენი დიდი ბებია-ბაბუების წლების ნაშრომი დანაზოგი მიითვისა, გააქრო და გაასაღა ეს ფული ვიღაც „ცეხავიკ“ ბიზნესმენებზე, იმ მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმებით, რომლებმაც ქვეყანა შეიყვანეს სიღარიბეში და დღემდე უთანასწორო ეკონომიკა შეგვინარჩუნა, ეს ადამიანი ამბობს, თურმე, ფასების დარეგულირება და ფასების დაწევა არის რეპრესიები. მინდა ვთქვა, სწორედაც რომ ვემხრობი, თუ ასეთი რეპრესიები იქნება, რადგან ამ ქვეყანაში მშრომელები და ახალგაზრდები პერსპექტივას ვეღარ ვპოულობთ, რადგან 300 და 400-ლარიანი ხელფასებით შეუძლებელია თავის გატანა, როდესაც ზეთი 20 და 25 ლარი ღირს. ხორცის ყიდვაზე კი უკვე შეუძლებელია ლაპარაკი. როდესაც ახალგაზრდებს ერთი ადამიანის ნაცვლად ოთხი ადამიანის პოზიციაზე ამუშავებენ. რომან გოცირიძე, შენი დანაშაულებების გამო, პირველ რიგში, შენ უნდა იყო რეპრესიების მოწინავე რიგში, რადგან შენი და შენი ეკონომიკური ხედვების ბრალია ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და შენნაირი ე.წ. რეფორმატორების“ - აცხადებს კარანაძე.
ამავე პოსტში კარანაძე წერს: „ამათნაირი ეკონომიკური „რეფორმატორების“ და მათი დამანგრეველი ანტისოციალური მემარჯვენე ეკონომიკის გამოა, 35 წელი ჩვენი ხალხი უმძიმეს სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში - კოლექტიური რომან გოცირიძეები და ბენდუქიძიზმი კვლავ მშრომელი ხალხის წინააღმდეგ!“