რეზონანსი
24.12.2025

თბილისში მომხდარ უმძიმეს ავარიას 20 წლის გოგონას, ნინი ბურდულის სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგონა საქმროსთან და მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, როცა ისინი მამკოდის გზაზე ავარიაში მოყვნენ. მანქანაში მყოფი ოთხივე დაშავებული სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ყველაზე მძიმე ნინი ბურდულის მდგომარეობა იყო. მას სამწუხაროდ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

"ძალიან დიდი უბედურება მოხდა. ულამაზესი და უსაყვარლესი ნინი, რომელიც საქორწილოდ ემზადებოდა, ავტოავარიამ იმსხვერპლა. ამ ავარიის დროს დაშავდა მისი რჩეული, გეგიც, რომელიც ახლა კლინიკაშია და უფალს შევთხოვთ ის და მისი მეგობრები მაინც გადარჩნენ. უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი ნინის და გეგის. უნდა ებედნიერათ, გვიხაროდა ამ ლამაზ წყვილს რომ ვხედავდით და უცებ ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ. მოუშუშებელი ტკივილია ამ საყვარელი გოგოს გარდაცვალება. 

ნინის დედა ემიგრაციაში იყო, გერმანიაში მუშაობდა და როგორც კი ეს ამბავი გაიგო, მაშინვე აიღო ბილეთი და ჩამოვიდა, ორი წლის უნახავი ჰყავდა თავისი ქალიშვილი. ახლა საშინელი რეალობის წინაშეა. როგორ უნდა ანუგეშო ასეთი დედა? რა უნდა უთხრა მამას, რომელიც გახევებული და თავზარდაცემულია. 

როგორც ვიცი, მანქანა, რომელშიც ნინი იჯდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა, ნინი მანქანიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებები ჰქონდა თავის არეში, სამწუხაროდ ვერ გადაარჩინეს. ყველა ვლოცულობდით და იმედს არ ვკარგავდით. არ ვუშვებდით ცუდს, ახლა არ ვიცი რა ვთქვა, თავზარდაცემული ვარ. ულამაზესი გოგონა აღარ გვყავს. ის ბიჭიც საავადმყოფოშია, ულამაზესი წყვილი იქნებოდნენ, ბედნიერად უნდა ეცხოვრათ, უნდა ეხარათ ერთად ყოფნით და უცებ ეს დატრიალდა, ასეთი საშინელება არ უნდა ხდებოდეს”, - უთხრა "კვირის პალიტრას" ერთ-ერთმა ახლობელმა.

სოციალურ ქსელში შეყვარებული წყვილის ერთად გადაღებული ფოტოც ვრცელდება წარწერით:“სიყვარული რომელიც ისტორიას დარჩება და ვერც სიკვდილი დააშორებთ! ნინი იქედან დაიფარე შენი გეგი”- წერს სოციალურ ქსელში მათი ახლობელი.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×