თამთა ჩაჩანიძე
23.12.2025

ახალ წლამდე ოთხი დღით ადრე, 27 დეკემბერს, ხელისუფლების ოპონენტებმა დიდი აქცია-მსვლელობა დაანონსეს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საპროტესტო მსვლელობები ოფიციალურად შეზღუდულია. მიდის თუ არა გამწვავებაზე ოპოზიცია, რას აძლევს მას ეს და რა სცენარებია მოსალოდნელი?

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ წინასაახალწლოდ ხელისუფლებას შეზღუდვის ნაცვლად გარკვეული მორატორიუმი უნდა გამოეცხადებინა. მომავალ აქციასთან დაკავშირებით კი რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ აქვს.

ამასთან, ანალიტიკოსი დადებითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ თბილისის მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტეროტირიის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე დადგა, რითაც გამწვავებაზე არ წავიდა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ პროტესტის ორგანიზატორები განგებ მიდიან სიტუაციის გამწვავებაზე და ეს შეიძლება ეს გადაწყვეყილება ოპოზიცია ევროპელი მხარდამჭერების მიერ იყოს წაქეზებული.

27 დეკემბრის აქცია და ახალი შეზღუდვები

27 დეკემბერს თბილისის ცენტრში მორიგი საპროტესტო მსვლელობის შესახებ განცხადება ორგანიზაციის „პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანმა 22 დეკემბერს გააკეთა.

„როგორც იცით, უკვე ბოლო ერთი თვეა შაბათობით იმართება მანიფესტაცია ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რომლის ძირითადი მიზანიც არის სწორედ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ქიმიური მოწამვლის საქმეზე. 27 დეკემბერს, შაბათს, 19:00 საათზეც გაიმართება ანალოგიური ტიპის მანიფესტაცია ფილარმონიიდან და ყველას გელით. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა პროტესტის ამ ფორმით ისევ გაგრძელდეს", - თქვა ქელბაქიანმა.

მანამდე ორი დღით ადრე კი შსს-მ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქციების გამართვის ახალი რეგულაციების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს ქუჩაში მსვლელობა ეკრძალებათ.

მას სავალდებულო მითითებაც ახლავს:

„21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე #8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება".

შსს-ს ცნობით, იგივე შეზღუდვები იმოქმედებს 1-9 აინვარს დაგეგმილ აქციებზეც.

მოსალოდნელი სცენარი

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა ხელისუფლებას წინასაახალწლო დღეებში შეზღუდვების ნაცვლად გარკვეული მორატორიუმი გამოეცხადებინა, რითაც გამწვავებას თავიდან აირიდებდა.

„იმის ფონზე, რომ ანტისახელისუფლებო ღონისძიებებში უფრო მეტი კონსტრუქციონიზმი შევიდა, ანუ აღარ ხდება გზის გადაკეტვა (აკრძალვების შემდეგ, მაგრამ მაინც) - ანუ ფრთხილად ეკიდებიან იმ კანონისმიერ ჩარჩოებს, რაც ხელისუფლებამ დაადგინა - იმის თქმა, რომ პროტესტი რაიმეს ამწვავებს, მართალი არ იქნება. თუკი მაინცდამაინც გამწვავების პირობაზე ვილაპარაკებთ, ეს უფრო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან მოდის, რადგან თვითგამოხატვის საშუალებებს მუდმივად ავიწროებს.

„ბუნებრივია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი ქაოტურ ჩარჩოში შეიძლება მიდიოდეს, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო წინააღმდეგობის მიმართ ისედაც ბევრი რამ უკვე ზედმეტი რეპრესიული მექანიზმია. ეს კიდევ უფრო ზედმეტია და ამ შემთხვევაში, გამწვავებას ცდილობს სახელისუფლებო გადაწყვეტილებები.

„რატომ არის გამწვავებაზე ორიენტირებული? ამას უნდა მოჰყვეს ან კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა, ან ჩაქრობა. გამწვავების პოლიტიკა ზუსტად გულისხმობს ხოლმე შედარებითი ვა-ბანკის პრინციპზე მუშაობას.

„პროტესტმა შინაარსი და კონცეფცია შეიძლება იცვალა, მაგრამ ის მაინც მუდმივად მიმდინარეობს. თანაც გამოცდილება აჩვენებს, რომ თუ ხელისუფლება მისაღების იქით ზედმეტად გადადის ჩარჩოებს, ამ შემთხვევაში შეიძლება პირიქით უკურეაქცია გამოიწვიოს. ანუ კონკრეტული გადაწყვეტილებით რის მიღწევასაც ცდილობს, იმის საწინააღმდეგო შედეგს იღებს.

„სპეციფიურ პერიოდში, მაგალითად საშობაო-საახალხლოდ, ხელისუფლება უნდა გამოდიოდეს ინიციატივით, რომ რაღაცა მორატორიუმი გამოცხადდეს. ეს სახელმწიფოთაშორისი ომების დროს ხდება ხოლმე.

 

  • „მორატორიუმის ინციატორი უნდა იყოს ძალაუფლების მხარე და მან უნდა შესთავაზოს. მაგალითად, დადებითად ვთვლი იმას, რომ არ გაამწვავა ხელისუფლებამ და პარლამენტის წინ არ დადგა თბილისის მთავარი ნაძვის ხე, ის სხვა მხარეს დადგა და ეს გონივრული იყო, ერთის მხრივ გამწვავებაზე არ წავიდა და მეორე მხრივ ამ ყველაფერს განარიდა", - განაცხადა გამზარდიამ.

ამბობს, რომ იმის განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, რომ 27 დეკემბერს რაიმე უპრეცედენტო მოხდება.

 

„განსაკუთრებული მოლოდინი იმის, რისი პრეცედენტებიც ჩვენ არ გვქონდა, არ მაქვს. შესაძლოა ხელისუფლების მხრიდან ზედმეტი დევნის რეჟიმი და დამატებითი დაკავებები იყოს. შეიძლება იყოს სიტუაციის ფრაგმენტული დაძაბვა - ადამიანები შეიკრიბებიან, მივა პოლიცია, ეტყვის რომ ამის უფლება არ გაქვს და ა.შ.

„ახლა უკვე დილემაა. როცა გზაზე რაღაც ოდენობის ხალხი იდგა, ეუბნებოდნენ, რომ არის სივრცე და გზას ნუ კეტავთო, აქ კიდევ რაღაც რაციონალიზმის ელემენტი არის და ახლა კი პოლიცია მოპროტესტე ხალხს რაღაცნაირად ჩიხში აქცევს - ეტყვის, გზაზე არ უნდა დადგე, ტროტუარზე არ უნდა დადგე, არადა ადამიანებმა იციან, რომ იდეაში ადამიანის გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. ამიტომ პოლიცია აქციის მონაწილეებს ვერ დაითანხმებს მიუხედავად იმისა, რომ კანონს მოიშველიებს", - განაცხადა გამზარდიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია განგებ მიდის გამწვავებაზე, რადგან თუ სიტუაცია უკიდურესად გამწვავებისკენ წავიდა და „სახელმწიფო დაინგრა", შესაძლოა ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის საკითხი დადგეს.

 

  • „დაანონსებული აქციით ოპოზიცია გამწვავებაზე მიდის. სავარაუდოა, რომ ევროპელი მხარდამჭერებიც აგრძელებენ ჩვენი ოპოზიციის წაქეზებას საიმისოდ, რომ კიდევ უფრო რადიკალური იყოს.

„რატომ მიდის გამწვებაზე და დაუკვეთეს; და თუ სახელმწიფო დაინგრა, მერე უკვე ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის საკითხი დადგება, იქ ხომ დამკვეთებს ხელისუფლების შეცვლა უნდათ.

 

„სიტუაციის განგებ გამწვავებისკენ მიდიან. 27-ში არაფერს არ ველოდები, რადგან მოსახლეობამ აჩვენა, რომ ამას არ ყვება და ახლაც მათი რეაქცია სერიოზული იქნება და ოპოზიციის ქვეყნის დანგრევის მოწოდებებს არ აყვება.

„ხმაური შეიძლება იყოს, ეს წინაზეც იყო, ოღონდ გააჩნია ამ ხმაურს რამდენი ადამიანი აჰყვება. ძალა ერთობაშიაო და თუ ბევრი ადამიანი გაერთიანდება, მაშინ იქნება ეს მოვლენა ძლიერი და სერიოზული. თუ ცოტა ადამიანი გაერთიანდა, ნაკლებად სერიოზული იქნება", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×