
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა მას მილიონობით ლარის ქრთამის აღებას და იმ ქოლ-ცენტრების მფარველობას ედავება, რიმლებიც, მათივე ცნობით, ოპოზიციურ მედიას აფინასებდნენ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ „აისბერგის წვერია" და გაგრძელება ექნება.
ლილუაშვილი გენპროკურატურაში 23 დეკემბერს დილით გამოკითხვაზე მივიდა, რამდენიმე წუთში კი გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, საიდანაც ცნობილი გახდა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის დაპატიმრების შესახებ.
თავად ლილუაშვილმა პროკურატურის შენობაში შესვლის წინ განაცხადა, რომ არ იცის რაზე და რომელ საქმეზე დაიბარეს, ამასთან არაფერს არ გამორიცხავდა.
„ღვთის ნებაა ყველაფერი", - განუცხადა ლილუაშვილმა დაკავებამდე ჟურნალისტებს.
ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.
ლილუაშვილი სავარაუდოდ მანამდე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ჩვენებების საფუძველზე დააკავეს,
მმართველ პარტიაში დაკავებას მალევე გამოეხმაურნენ, პარლამენტის თვამჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი „გუნდის სიძლიერეს აჩვენებს".
პაპუაშვილი ამბობს, რომ ლილუაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების ერთ-ერთი ეპიზოდიდან, კონკრეტულად კი ე.წ. ქოლცენტრების საქმიდან ჩანს, რომ „იკვეთება სქემები, რომლითაც კორუფციული, უკანონო თანხებით რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული მედია ფინანსდებოდა".
გარდა ამისა, საინტერესოა, რომ ის 4 ოქტომბრის საქმეშიც ფიგურირებს. ოქტომბერში ტელეკომპანია „ფორმულამ" თავის წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ოქტომბრის არშემდგარი „რევოლუციის" ორგანიზატორების გარემოცვაში გრიგოლ ლილუაშვილს „ორმაგ აგენტად" მოიაზრებენ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან ხაბეიშვილთან ნდობაში შევიდა, 4 ოქტომბრის გეგმა შესთავაზა, სავარაუდოდ, პარალელურად კი ინფორმაციას ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდიდა. შემდეგ კი ლილუაშვილმა მოულოდნელად აქციის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია გაწყვიტა.
გენპროკურორის განცხადება
გიორგი გვარაკიძის თქმით, ლილუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება ოთხ ეპიზოდში:
1.2022 წლის ოქტომბერში თურქი ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკის მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ლობირებისთვის.
2.2022 წლის თებერვალში რომეო მიქაუტაძის მეშვეობით „ექსპრესსერვისი 2008"-ის დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
3.საქმე ეხება 2021-2023 წლებს, როდესაც „მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო".
„გრიგოლ ლილუაშვილი, სხვა თანამზრახველებთან ერთად, უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ", - აღნიშნა გვარაკიძემ.
4.ლილუაშვილი თანამდებობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, „მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს" იღებდა".
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის დაკითხული არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებითაც დასტურდება გრიგოლ ლილუაშვილის და სხვათა მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე ამოღებულია დანაშაულის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო და აუდიოჩანაწერები", - ამბობს გვარაკიძე.
რას ნიშნავს ლილუაშვილის დაკავება
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლილუაშვილის ოპოზიციასთან შესაძლო კავშირს „ოცნება" პროპაგანდისტულად დიდი ხანია ამუშავებს.
„ოცნება" ამას პროპაგანდისტულად კარგა ხანია ამუშავებს - ჯერ ის, რომ ვიღაც ხელისუფლებიდან ოპოზიციას ეხმარებოდა და ხაბეიშვილს ინფორმაციებს აძლევდა, მერე ქოლ-ცენტრების საქმე და კეზერაშვილი. ახლა ახალი მიმართულება, რომ ქოლ-ცენტრების ნაწილს თურმე ლილუაშვილი აკონტროლებდა და ნაწილი ქოლ-ცენტრებისა ოპიზიციურ მედიას ფულს ურიცხავდა.
„ხელისუფლება ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს - ერთის მხრივ კეზერაშვილი „ფორმულას" მეპატრონე და დამფინანსებელი და ლილუაშვილი, როგორც კორუფციონერი; და მეორეს მხრივ, ოპოზიციური მედია, როგორც კორუფციის ერთ-ერთი მიმღები, იქნება აკრძალული.
„ამ ეტაპზე დაკავება არაფერს არ ნიშნავს. სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას გირაო შეუფარდოს, თუ პატიმრობაში დატოვოს. ღარიბაშვილზე გირაო პროკურატიურამ მოითხოვა, მაგრამ საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვიტა. არ გამოვრიცხავ ამასაც გირაო დაუწესონ.
„თუ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა, ეს მმართველ პარტიაზე არანაირად არ იმოქმედებს. ვინმეს უკვირს, რომ ლილუაშვილი ქრთამს იღებდა? ეს სისტემაა, არ აძლევს სხვა საშუალებას, ანგელოზი რომ დასვა, ვერ შეძლებს მართვას, თუ კორუფცია და რეპრესიები არ იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ლილუაშვილის დაკავებას მმართველ პარტიაში თვითწმენდის პროცესის დაწყებად მიიჩნევს.
„მართველ გუნდში დაიწყო ერთგვარი თვითწმენდის პროცესი. ვფიქრობ, ის, რაც ლილუაშვილზე საჯაროდ გავიგეთ, მხოლოდ აისბერგის წვერია. ბევრი რამ ჯერ კიდევ დაფარულია და შესაძლოა მომავალში გამჟღავდეს.
„ეს როგორი კეთილშობილი სურვილებითაც არ უნდა იყოს წარმოჩენილი, საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის თვალში კითხვებს და ეჭვებს გააჩენს. საუბარია არა რიგით მოხელეზე, არამედ სუს-ის უფროსზე, რომელიც საკვანძო თანამდებობაა და რომელიც უამრავი სენსიტიური ინფორმაციის მატარებელია. თუკი ის კორუფციული საქმიანობისკენ იყო მიდრეკილი, გამოდის მისი ამ თანამდებობეზე ყოფნა პირდაპირ უქმნიდა საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოებას. კორუფციისკენ მიდრეკილი მაღალი რანგის მოხელეები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სამიზნეები არიან, რომ შემდეგ მათზე ზემოქმედება მოახდინონ და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.
„ფაქტი ხელისუფლებისთვის სასიამოვნი არაა, მაგრამ რადგანაც ეს სარისკო ნაბიჯი გადაწყვიტა, ესე იგი გათვლილი აქვს ყველა რისკი, რაც შეიძლება ამას მოყვეს.
- „როდესაც ადამიანს ენდობი, შესაძლოა მის საქმიანობაში ბოლომდე არ ჩაიხედო. შეიძლებ იცოდნენ, ან არ იცოდნენ. ქოლცენტრებისა და ოპოზიციური მედიის ხსენება ნიშნავს, რომ თუკი ქოლცენტრები აფინანსებდნენ ოპოზიციურ ტელეარხებს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ საინფორმსციო ომს აწარმოებდნენ და ამას სუს-ის უფროსი მფარველობდა, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რა გაგრძელება მოჰყვება დაკავებას
ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ გამოძება მმართველი პარტიის გენმდივანსა და დედაქალაქის მერ კახა კალაძემდეც მივიდეს.
„გენპროკურორმა ახსენა საბავშვო ბაღები და თბილისი. მართლა კორუფციასთან ბრძოლა რომ დაიწყონ, 90% მაინც დასაპატიმრებელი იქნება. ამიტომ ამას თავად განსაზღვრავენ, თუ დასჭირდებათ და თუ კალაძეს გარანტიები აქვს, რა თქმა უნდა, მერამდე არ მივა, მაგრამ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და როცა დასჭირდებათ, ამ საქმეს მაშინ განაახლებენ.
- „ლილუაშვილს კომრომატები ჰქონდეს და მერე რას იზამს? შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ ამით მხოლოდ სასჯელს დაიმძიმებს, მეტს ვერაფერს მიაღწევს. როცა ადრე გოგაშვილმაც ბევრი მოინდომა, დააპატიმრეს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე კი გვეუბნება:
„ისეთი განცდა მაქვს, რომ გაგრძელება სავარაუდოდ მოჰყვება, ოღონდ ამაში ვინ იქნებიან ჩართული და გამოჩნდებიან თუ არა ახალი ფიგურანტები, არ ვიცი. მაგრამ შეიძლება მოწმე გავხდეთ იმისა, რომ ახალი ფაქტები გამომზეურდეს", - აცხადებს ანჯაფარიძე.