
22-25 დეკემბერს თბილისში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია იმართება, რომლის ფარგლებში ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.
ღინისძიების გახსნისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ "გარე ჩარევები საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს".
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ "გარე ჩარევებში" ბოჭორიშვილმა დიდი ალბათობით დასავლეთი იგულისხმა.
ბოჭორიშვილმა ასევე ახსენა "ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე შექმნილი სირთულეები". ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ეს არის სალომე ზურაბიშვილი და მისი ვიზიტები და შეხვედრები განსაკუთრებით პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში
რა იგულისხმა ბოჭორიშვილმა "გარე ჩარევებში"
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ბოჭორიშვილი გარე ჩარევებში დასავლეთს გულისხმობს, რადგან ხელისუფლებამ ურთიერთობა ვერ დაალაგა.
- "ამ ხელისუფლებას ერთადერთი გადაუჭრელი პრობლემა აქვს, ეს საგარეო პოლიტიკას უკავშირდება ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობას, შეიძლება ყოფილი პარტნორებიც ითქვას, რომელთანაც ურთიერთობის დალაგება ვერაფრით ვერ შეძლო.
როდესაც ლაპარაკობს, რომ ქვეყანას ბევრი გამოწვევა აქვს, სწორედ ამას გულისხმობს, თორემ ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ქართულ ხელისუფლებას რა პრობლემა უნდა ჰქონდეს? არაფერი. ავტორიტარულ რეჟიმებთან ყველაფერი ბრწყინვალედ მისდით.
"რადგან დასავლეთთან ჯერჯერობით სიტუაცია ვერ დალაგდა, უარყოფითი კონტექსტია. ხელისუფლება თვლის რომ ეს ურთიერთობები დასავლეთის ბრალია და არა თავისი. ის, რომ ნეგატიური გავლენაა და შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, ეს ბოჭორიშვილმა მშვენივრად იცის.
"ოცნების" საგარეო პოლიტიკიაში ჯერჯერობით არაფერი იცვლება და მას ეს აწუხებს, მაგრამ მიაჩნია, რომ დამნაშავე არის არა ის, არამედ დასავლეთი, რომელიც თურმე "ჩარევას" ცდილობს",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთიდან "ჩარევა რამდენიმე ფორმითაა", რუსეთიდან კი "ჩარევა მორჩა".
"გარე ჩარევები რამდენიმე ფორმითაა - ათასნაირი ცილისმწამებლური დაბრალება, ბოლო, რაც მასობრივად წამოვიდა, აბსურდული კურიოზი, რომ თურმე შარშან პირველი მსოფლიო ომისდროინდელი გაზები გამოუყენებიათ და ერთი წელია არავის რომ არ უჩივლია, ეს არ აინტერესებთ. ამასთან, როცა მარტა კოსი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენი არასამთავრობოებისთვის ფინანსური დახმარების ისეთი გზები გამოვძებნოთ, რომ არ დაზიანდნენო.
"ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა ამხილა, რომ ლამის ხეიბრების რეაბილიტაციის ფული იგზავნებოდა და მერე უხვევდა ეს თანხა პირდაპირ იმ ენჯეოებისკენ, რომლებიც იქაურ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ.
- "რუსეთიდან ჩარევა მორჩა და გათავდა. როცა სააკაშვილმა ბიძამის თემურ ალასანიასთან ერთად 2008 წელს სისხლიანი სამხედრო-პოლიტიკური ავანტურა ჩაატარა და საქართველოზე დააყენეს ორი ბაზა და ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნეს, აქ ჩარევა დამთავრდა, აღარც ფულს ხარჯავენ.
მამრაძის მტკიცებით, რუსეთი საქართველოში ფულს აღარ ხარჯავს და "პროპაგანდა პრაქტიკულად არ იგრძნობა".
"პრაქტიკულად არ იგრძნობა, რამდენიმე პოზიტიურიც კი იყო რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, გახსოვთ პუტინმა აღნიშნა კიდეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროსტრუქტურების მხრიდან ზეწოლას გაუძლო და სუვერენობა დაიცვეს",- განაცხადა მამრაძემ.
რომელი "ყოფილი პრეზიდენტი"?
ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ბოჭორიშვილმა სალომე ზურაბიშვილი და მისი ვიზიტები იგულისხმა.
"ძირითადად ზურაბიშვილი იგულისხმა და ის ვიზიტები, რაც პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში ჰქონდა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერები მას შეხვდნენ. რასაც "ქართული ოცნება" ვერ ახერხებს, იმას ახერხებდა ზურაბიშვილი. ერთის მხრივ გაჩნდა "გარე მტერი" და ეს არის "დიფ სტეტიტი" და დასავლეთი და ახლა ქვეყნის შიგნითაც უნდა იყოს "მტერი" და ჯერჯერობით ეს სალომე ზურაბიშვილია.
"თუ ეს პოლიტიკა გააგრძელეს, შეიძლება ქვეყნის შიგნით სხვადასხვა "მტრებიც" აღმოჩნდნენ, რომელთა "კარნახით" დასავლეთთან აფუჭებენ ურთიერთობას, თორე "ოცნებას" რომ ჰკითხო, ყველაფერი მშვენივრად აქვს",-განაცხადა ძაბირაძემ.
პეტრე მამრაძეც აცხადებს, რომ ბოჭორიშვილმა ზურაბიშვილი იგულისხმა.
"ორი აზრი არაა, რადგან სალომე ზურაბიშვილი დაუღალავად დადიოდა საფრანგეთში, ბრიტანეთში თუ სხვაგან, სანამ პრეზიდენტი იყო ჰქონდა შეხვედრა მაკრონთან და სხვებთან, უწყვეტ რეჟიმში იძლეოდა და იძლევა ინტერვიუებს და ერთ ხაზს ატარებდა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ივანიშვილი და მისი გუნდი, კრემლის მარიონეტები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ევროპული გზიდან გადაუხვიეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო რუსეთის მორჩილი იყოს და საბოლოოდ შევდეს კიდეც რუსეთში.
"სასწაულებს ყვებოდა, რომ დიქტატურაა და ეს მუშაობდა, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეა და ფრანგ დიპლომატად აღიქმება, იქ საპატიო ლეგიონის ორდენიც მიღებული აქვს. 28 ნოემბერს აქციის მერე "ლე მონდმა" ამაზრზენი სტატია გამოუშვა, ყველაფერ იმას შეიცავდა, რასაც სალომე ლაპარაკობდა.
"მან საქართველოს ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და აყენებს, ამ ქალბატონმა, როცა პრეზიდენტად ახლად აირჩიეს დავით გარეჯში ჩავიდა და გამოაცხადა, რომ ეს ქართული მიწააო. ის თავისუფალი ზონა იყო და მერე აზერბაიჯანმა დამატებითი მესაზღვრეები შეიყვანა და სიტუაცია დაიძაბა, ხელისუფლებას ამის ჩასაფარცხად სერიოზული მუშაობა დასჭირდა",- განაცხადა მამრაძემ.
რა თქვა მაკა ბოჭორიშვილმა
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ელჩების ყოველწლიური კონფერენცია, საუკეთესო შესაძლებლობაა, დიპლომატიური ამოცანების დასახვისთვის და არსებული რეალობის შეფასებისთვის.
"ძალიან რთულ, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გარემოში გვიწევს მუშაობა. გლობალური და რეგიონული პროცესები პირდაპირ აისახება ჩვენს ქვეყანაზე.
დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დასაცავად მნიშვნელოვანია თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის სათანადოდ განხორციელება.
"ბოლო პერიოდში, ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
ჰიბრიდული მეთოდებით, დეზინფორმაციით, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლით, პოლარიზაციის წახალისებით განხორციელებული ქმედებების გასამკლავებლად, მცდარი ნარატივების საპასუხოდ და საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად ქვეყნის საგარეო სამსახური წარმოადგენს კრიტიკულ ხაზს.
"ამ კონტექსტში, შეუძლებელია არ აღვნიშნო ყოფილი პრეზიდენტის მიერ შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები და საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წინაშე შექმნილი სირთულეები. საქართველოს 82 დიპლომატიური წარმომადგენლობიდან, 2025 წელს 36 ხელმძღვანელი დაინიშნა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახლავთ დიპლომატიური სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირებისთვის"- განაცხადა მან.
ბოჭორიშვილის თქმით, "ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ყველა მიმართულებას და მის წარმატებას ზურგს უმაგრებს საქართველოს ხელისუფლება".