
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სტაბილურობა და მშვიდობა შემთხვევითი შედეგი არ არის - ხელისუფლება ამას გააზრებული, პრაგმატული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად აფასებს. ელჩების კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ გარე ზეწოლების, ოკუპაციის პირობებში დიპლომატიის როლის, ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩვენი დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ძალიან სერიოზული მცდელობა გარე ძალების მხრიდან საქართველო კვლავ ჩაერთოთ სამხედრო კონფლიქტში.
„შევძელით, ჩვენი პრინციპული პოზიციით, ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დღევანდელი მშვიდობა არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„არაღიარების პოლიტიკა"
პრემიერის თქმით, ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა უცვლელ პრიორიტეტად რჩება და ქვეყნის წარმატებული საქმიანობა, ამ მიმართულებით, დიპლომატების დამსახურებაა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ მოგმართოთ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც დიალოგის ძალიან საინტერესო პლატფორმად ჩამოყალიბდა. დღევანდელი კონფერენცია ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შევაჯამოთ განვლილი წელი, რომელიც იყო მრავალი სირთულით სავსე, თუმცა ჩვენ შევძელით ყველა სირთულის სათანადოდ დაძლევა და ამაში თქვენი წვლილი და როლი განსაკუთრებულია. თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით ელჩებს, მინდა, ამისათვის, გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
- ირაკლი კობახიძე: „კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს"
გლობალურ საერთაშორისო სისტემაში მიმდინარეობს ფუნდამენტური ცვლილებები, იცვლება საერთაშორისო დღის წესრიგი. ამგვარი გარდაქმნების პირობებში, კომპლექსურ რეგიონში მდებარე ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. ამ საკითხში, გადამწყვეტია ჩვენი დიპლომატების როლი.
აქვე მსურს, ხაზი გავუსვა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის პროცესში. ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, არაღიარების პოლიტიკა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენი წარმატებული საქმიანობა ამ მიმართულებით არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენი, დიპლომატების დამსახურება", - განაცხადა პრემიერმა.
„ეკონომიკური დიპლომატია"
ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აქცენტი „ეკონომიკურ დიპლომატიაზეც" გააკეთა..
„სტაბილურობამ და პროგნოზირებადმა პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოზიციების განმტკიცებაზე. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. გასული ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოდ 9,8 პროცენტი შეადგინა, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. წელსაც შევძელით მაღალი ტემპის შენარჩუნება. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი ენიჭება ეკონომიკურ დიპლომატიას ამ კუთხითაც გამორჩეული იყო მიმდინარე წელს ჩვენი დიპლომატიური კორპუსის საქმიანობა. ამისთვისაც მინდა, თქვენ მადლობა გადაგიხადოთ", - განაცხადა პრემიერმა.
„მადლობა დიპლომატებს"
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველი დიპლომატები არიან საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე. პრემიერმა მადლობა გადაუხადა თითოეულ დიპლომატს გაწეული სამუშაოსთვის.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია. ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდა წელს და ბევრი რამ უნდა გაკეთდეს მომავალ წელს და მომდევნო წლების განმავლობაში.
მინდა, შეგახსენოთ, რომ თქვენ, ქართველი დიპლომატები ხართ საქართველოს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე, ხმა, რომელიც უნდა იყოს მტკიცე, არგუმენტირებული და ყოველთვის ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.
მადლობა მინდა, გადავუხადო ქვეყნის მთავარ დიპლომატს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მის მიერ გაწეული ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, მადლობა მინისტრის მოადგილეებს, მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მადლობა ელჩებს, დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თითოეული თქვენგანის როლი ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში არის განსაკუთრებული. მინდა გისურვოთ წარმატებები, ბედნიერი 2026 წელი და მრავალი წარმატება მომავალ წელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.