
პროფესორი, კლინიკური ექსპერტი, მაკა ბულეიშვილი, გადაცემაში "დღის პოსტი" სეზონური ვირუსების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ. ღორის გრიპს:
" ჩვენთვის არც, ე.წ. ღორის გრიპი, თვალების ვირუსი, არც ის ვირუსები, რომლებიც ქვეყანაში ცირკულირებს, ეს გასაკვირი არ არის, ყოველ წელს ასეა. ვირუსული ინფექციების სეზონია. როგორც წესი, ნოემბრის ბოლოს იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება ხოლმე. სუსხი წამოვიდა და სხვადასხვა მოცირკულირე ვირუსი უფრო მეტად გააქტიურდება. რა თქმა უნდა, წინ ახალი წლის დღეებია და მობილობა იზრდება. სიმღერა, ცეკვა, გართობა, მისვლა, მოსვლა - ქართული ყველაფერი ძალიან ძვირფასი და კარგია.
ახლა ქვეყანაში არა მარტო ე.წ. ღორის გრიპი, კოვიდი, რინოვირუსები, ადენოვირუსები, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ყველა ეს ვირუსი რესპირატორული ვირუსია და ისინი სიმპტომებით ერთმანეთს წააგავს. სტატისტიკური მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები ყველაზე მეტია. სტატისტიკაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ვსაუბრობთ.
შესაძლოა, ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღე იყოს. განსაკუთრებით მომატებულია ბავშვთა ასაკში. კიდევ შესაძლებელია, პიკური მაჩვენებელი იყოს, მაგრამ არ მინდა, შეშინდეთ იმიტომ, რომ ჩვენ ამისი არ გვეშინია იმიტომ, რომ ეს პირველი წელი არ არის. პიკური მაჩვენებელი უფრო იანვრის ბოლო პერიოდში იქნება.
ე.წ. ღორის გრიპს პირველი ორი დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან, 40 გრადუსიც. ასევე, სახსრების ძლიერი, გაუსაძლისი ტკივილი. კუნთების ტკივილთან ერთად, მთელი ორგანიზმის სახსროვანი პრობლემების წამოწევა. ე.წ. ღორის გრიპს ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს. პაციენტს წყლის დალევის სურვილი არ აქვს. სითხე, წყალი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ვირუსი დეჰიდრატაციას იწვევს. 2-3 დღის განმავლობაში შეიძლება, ხველაც ჩამოყალიბდეს. ხველა იმდენად წამყვანი შეიძლება, არ იყოს პირველი-სამი დღე. თავის ტკივილიც ახასიათებს. გარდა ამისა, დასაწყისში გაბრუება ახასიათებს. პაციენტი ადინამიურია. თითქოს, არაფერი არ შეუძლია... ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა. ამ პერიოდში, წესით, მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მაგრამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილო ქრონიკული პათოლოგიების მქონე ადამიანებზე. ქრონიკული დაავადებები ასაკოვან ადამიანებსაც აქვთ და ახალგაზრდებსაც. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ოკუპაციური დაავადებები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და სხვა პათოლოგიები, გართულების რისკის ჯგუფში არიან. შეიძლება, პნევმონიით გართულდეს. როდესაც 3-4-5 დღე მაღალი ტემპერატურაა, სიმპტომები მილევადი კი არ არის, არამედ კიდევ და კიდევ იმატებს, ასეთ შემთხვევაში, ექიმს აუცილებლად უნდა მივმართოთ. ასევე, შესაძლოა, დეჰიდრატაცია განვითარდეს. ადამიანი სითხეს ვერ იღებს და გაბრუებულია. ძლიერი საერთო სისუსტე ახასიათებს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება ჩატარდეს და დადასტურდეს, ნამდვილად ე.წ. ღორის გრიპია თუ - არა. სიმპტომებით მოცირკულირე ვირუსებს ძალიან წააგავს. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადადის.
პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია - თუ ვირუსი გვაქვს და სახლში მოხუცები, ბავშვები გვყავს, უმჯობესია, ჩვენთვის, ცალკე ოთახში ვიყოთ. თუ რაიმე გვირთულდება, ექიმს დავუკავშირდეთ. ფონური და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მკურნალობა შემდგომ გაჭირდება. პირბადე უნდა გაიკეთო იმ შემთხვევაში, თუ დასნებოვნებული ხარ და გარეთ გადიხარ. თავდაცვის მიზნითაც, პირბადე ერთ-ერთი არაჩვეულებრივი საშუალებაა, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ დარწმუნებული ვარ, ნაძვის ხესთან პირბადით არავინ მივა... ჰიგიენური წესები უნდა დავიცვათ, დავიბანოთ ხელები, ოთახი გავანიავოთ. მითია, რომ ამ დროს უნდა ჩაიფუთნო, ძალიან თბილად უნდა გეცვას, დიდი ოდენობით ოფლი მოიდინო და შხაპი არ მიიღო - არა, ასე არ არის. შხაპის მიღება შეიძლება, მხოლოდ სველი თმით გარეთ ნუ გახვალთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე