
აზერბაიჯანმა სომხეთში საწვავის პირველი პარტია გაგზავნა
აზერბაიჯანიდან სომხეთში სატვირთო გადაზიდვები აქტიურად ხორციელდება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიმდინარე წლის ოქტომბერში ტრანზიტზე დაწესებული მრავალწლიანი შეზღუდვები მოხსნა.
როგორც ადგილობრივი მედია Trend-ი იუწყება, 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა სომხეთში ადგილობრივად წარმოებული საწვავის პირველი პარტია გაგზავნა.
კერძოდ, მედიის ცნობით, აზერბაიჯანიდან სომხეთში 22 სარკინიგზო ვაგონით 1 220 ტონა RON95 საავტომობილო საწვავი გაიგზავნა. ტვირთი აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ჩავა.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში გატარებაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა.