რეზონანსი
18.12.2025

ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ბრიუსელის მხრიდან. გუშინ ტრიბუნასთან იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერდნენ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას, მათ შორის ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და სხვები, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე გამართულ დებატებზე ევროპარლამენტართა ნაწილის მხრიდან 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ განცხადებებს.

„კიდევ ბედავენ საქართველოზე საუბარს ადამიანები, რომელთა მხარდაჭერითაც საქართველოში კინაღამ მოხდა არეულობა, დაპირისპირება. ვისი ტყვია გავარდებოდა და ვისი სისხლი დაიღვრებოდა, ქალბატონ რასას ნაკლებად ადარდებს იმიტომ, რომ მას აქვს თავისი პოლიტიკური გეგმები, რომლებსაც ასრულებინებენ მისი არაფორმალური მმართველები.

ჩავარდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რომელიც იყო მხარდაჭერილი ბრიუსელის მხრიდან, ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც თვეების განმავლობაში ამზადებდნენ იმ ექსტრემისტებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ 4 ოქტომბერს - იმისთვის, რომ წასულიყვნენ ძალადობაზე, რადიკალურ ნაბიჯებზე, მიიყვანეს ამ ნაბიჯამდე, დამხობის მცდელობის პერიოდში აგულიანებდნენ გარედან.

მათ შორის, შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტი პირდაპირ მხარს უჭერდა ძალადობას, რომელსაც ჩვენ იმ მომენტში ვხედავდით თბილისში, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპარლამენტარებზე და სხვა ევროპელ პოლიტიკოსებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე შეაფასა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი.

„ჩავარდა ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა და გუშინ მოვისმინეთ, ევროპულ საბჭოზე ჩავარდა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება - ვნახეთ თავმჯდომარეობის განცხადება თუ რაღაც მსგავსი, რაც ასევე სასაცილოა. დემოკრატია საერთოდ ტერმინოლოგიურადაც კი გააუქმეს, მაშინ რაღა საჭიროა კენჭისყრები, განცხადების მხარდაჭერა და ასე შემდეგ, ევროპულ საბჭოზე თუკი ჩაუვარდათ დოკუმენტი განცხადების სახით და შემდეგ დანიის დოკუმენტად იქცა ეს ყველაფერი. ჩავარდნილ დოკუმენტში პირდაპირ ვნახეთ მხარდაჭერა მოძალადეების მიმართ, როდესაც საუბრობენ რაღაც მითიურ, უსამართლოდ პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე. რეალურად ეს აბზაცი უდრის იმას, რომ ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს იმ ძალადობაზე, რომელიც შარშან დეკემბერში მოხდა, რომელიც 4 ოქტომბერს მოხდა და ამ ძალადობის გამზიარებელი არის ბრიუსელი.

სხვათა შორის, აქ კითხვა ისმის - თუკი ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს შარშან დეკემბრის ძალადობაზე, რამდენად იქნება ასევე მათი პასუხისმგებლობა, რომ კომპენსირება მოახდინონ იმ ზიანის, რომელიც მიადგა მაგალითად, პარლამენტის შენობას ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით. ხომ არ იფიქრებდნენ, რომ რეპარაცია იყოს ნახევარი მილიონი ლარისა პარლამენტის მიმართ, თუკი ბრიუსელი პასუხისმგებლობას იღებს მათ შორის, ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანების მხრიდან პარლამენტის შენობაზე თავდასხმაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×