
რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი. აბა რა ვქნათ, უნდა გავფრინდეთ ცაში? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციის“ კანონში ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და საზოგადოებრივ აზრთან.
„დღეს სრულიად აბსურდული მიზეზით შეიძლება დაიჭირონ პოლიტიკოსი. შეიძლება ისეთი კანონმდებლობა შემოიღონ, რომლის არდარღვევაც პოლიტიკიდან წასვლა იქნება. მაგალითად, ამწუთას ჩვენ აქ ვლაპარაკობთ და რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მოსთხოვა მომიტინგეებს, რომ მათ დატოვონ ტროტუარი. დავტოვოთ ტროტუარი, არ გადავიდეთ ქუჩაზე - აბა რა ვქნათ, უნდა გავფრინდეთ ცაში? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით.
წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოებრივ აზრთან. ეს კანონი და ზოგადად ის ბრუტალური კანონმდებლობა, რომელიც მიიღო ამ ხელისუფლებამ, საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა. წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან და დემოკრატიის საერთაშორისო გამოცდილებასთან. ხელისუფლება სულ უფრო და უფრო კარგავს რაიმე საერთოს დემოკრატიულ კულტურასთან“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
კაჭკაჭიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „ბრუტალური“ კანონები მიიღო, რადგან მას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს.
„ხვალ რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, სამართლიან პირობებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად წააგებს. „ქართულმა ოცნებამ“ შემოიტანა ბრუტალური კანონები, გაუგონარი რეპრესიული მექანიზმები ისეთი, რომელიც საქართველოს ბელარუსს და რუსეთს ამსგავსებს. რატომ შემოიტანა? იმიტომ, რომ მხარდაჭერა არ აქვს „ქართულ ოცნებას“ ქართული საზოგადოების მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა უდგას არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც. მან ვერ მოახერხა, რომ მისი პოლიტიკის სამართლიანობაში დაერწმუნებინა ქართული საზოგადოების უმრავლესობა. თუ არჩევნები ჩატარდება სამართლიან პირობებში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად გვეყოლება კოალიციური მთავრობა“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.