
მსახიობი გოგა გველესიანი მიიჩნევს, რომ პროტესტის ფორმა უნდა შეიცვალოს და ყველა ადამიანი უნდა გავიდეს ქუჩაში ორი მთავარი მოთხოვნით: პირველი - ხელახალი არჩევენბის ჩატარება და თუ ეს არ შესრულდა, მეორე და უფრო მწვავე - საქართველო ივანიშვილის გარეშე. როგორც გველესიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მხოლო ასეთ პროტესტს ექნება აზრი და ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტი არ უნდა დასრულდეს.
"პროტესტის ფორმა უნდა შევცვალოთ. მე მგონია, რომ მოწოდება კი არ უნდა იყოს, რომ ყველა თავის რაიონულ ცენტრში გავიდეს, არამედ ყველა უნდა ჩამოვიდეს თბილისში, რუსთაველზე, და რომ გაივსება ეს რუსთაველი, ვნახოთ სადამდე გაივსება, მერე ვნახოთ ვის და რას დაიჭერენ. რა კანონს ვემორჩილებით, მათ მიერ დაწერილს, ვისაც არ ვცნობთ? იმიტომ გონიათ, რომ ვემორჩილებით, რომ ბევრი არ ვჩანვართ, ამიტომ, ბერი, ერი, ხალხი, უნდა გამოვიდეს და ესენი ეგრევე გაქრებიან, როგორც კი ხალხის რაოდენობას დაინახავენ. ყველამ უნდა გაიჭირვოს, გამოვიდეთ რუსთაველზე, არ უნდა დავიშალოთ, შეიძლება გაგრძელდეს 2 დღე, 5, მაქსიმუმ 2 კვირა და ესენი ვერ გაუძლებენ. მოთხოვნა უნდა იყოს ერთი - თავისუფალი ხელახალი არჩევნები, სხვა დანარჩენი ამაში იგულისხმება. ანუ უნდა მოვითხოვოთ ერთი ეს - დაინიშნოს ხელახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნები და მეორე - საქართველო ივანიშვილის გარეშე, ეგრევე დაგინიშნავს არჩევნებს. გავძლოთ 5 დღე, თუ 2 კვირა, შევხვდეთ ბოლო-ბოლო ახალ წელს ქუჩაში", - განაცხადა გოგა გველესიანმა.