რეზონანსი
16.12.2025

 მმართველი გუნდი სტრასბურგის სასამართლოს მორიგ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ კომპანია MLS Tov-ს სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ომში მყოფი ქვეყანა, პარტნიორებთან ერთად, სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით იღებდა. მსგავსი მიდგომით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რამდენიმე დღის წინ ევროგაერთიანებამ ფრანგი ბიზნესმენი, ხავიე მოროც დაასანქცირა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ უკრაინამ და ევროკავშირის ქვეყნებმა, ამ კუთხით, ევროპული კონვენცია რომ დაარღვიეს, ეს ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებებითაც დასტურდება.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკრაინის ხელისუფლება ევროპის კონვენციის მეცამეტე მუხლის დარღვევაში დამნაშავედ ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციების დაწესების დროს მოპასუხის მხრიდან საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა არ არსებობდა. 6-გვერდიან განაჩენში, სანქციის გამოყენების არსებული სტანდარტები მკაცრადაა გაკრიტიკებული.

იმის მიუხედავად, რომ სტრასბურგმა უკრაინისა და მისი პარტნიორების მხრიდან, ფინანსური შეზღუდვების დაწესება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ცნო, ქართული ოპოზიცია კვლავ სანქციების სამართლიანობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მთავრობის წევრების წინააღმდეგ გატარებული ზომები სამართლებრივზე მეტად მორალურ ქვეტექსტს ატარებს, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

ოპონენტებს და უკრაინის ხელისუფლებას საერთო ლობისტური ქოლგის ქვეშ მოიხსენიებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები სტრასბურგის გადაწყვეტილებას, სანქციების შურისძიების იარაღად გამოცხადებად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ უკრაინამ და ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლების ამ ფორმით დასჯა, ეროვნული ინტერესების გატარების გამო სცადა.

იმის შესახებ, რომ უკრაინა და პარტნიორები სანქციებს სამართლებრივი არგუმენტების გარეშე იყენებენ, ამაზე ჯაკ ბოდი, შვეიცარიის სამხედრო დაზვერვის ვეტერანიც წერს X-ზე. მისი თქმით, ევროპა ცივილიზაციური კოლაფსის საფრთხის წინაშე დგას, რაც შვეიცარიელი სამხედროს შეფასებით, დემოკრატიულ ფასეულობებს ცდება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×