
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე ჯერ კიდევ ტოვებს ღიად ცალკეულ საკვანძო ელემენტებს, კერძოდ, მათი მოქმედების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებზე დეტალური მოლაპარაკებების მრავალი რაუნდის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხი გადაუჭრელი რჩება - კერძოდ, იმის თაობაზე, იქნება თუ არა ეს გარანტიები უვადო.
„მე არ შემიძლია ვთქვა, რამდენი წლით არის ეს [გარანტიები] და იქნება თუ არა ესა თუ ის გარანტია რაიმე ვადით შეზღუდული. ამას ჯერ არ განვიხილავთ", - განაცხადა მან აშშ-თან მოლაპარაკებებზე საუბრისას.
სამაგიეროდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ის, რომ ეს გარანტიები „უნდა იყოს კენჭისყრით მიღებული აშშ-ის კონგრესში".
„ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი [კონგრესის მიერ რატიფიცირებული] გარანტიები იმუშავებს", - განმარტა მან.