რეზონანსი
14.12.2025

იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა. მისი თქმით, კოალიციურად უფრო მეტი ხმა აიღო, ვიდრე ირაკლი ყანდაშვილმა.

„ჩვენ კოალიციურად უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე ირაკლი ყანდაშვილმა. ირაკლი ყანდაშვილი მისწრებს 174 ხმით, თუმცა დაინიშნა მეორე ტური. იმ პირობებში, როდესაც უამრავი დისკრედიტაცია და ტყუილი ვრცელდებოდა ჩემზე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადვოკატს, ყველა ჩემს კოლეგას, რომელმაც მხარი დამიჭირა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მეორე ტური არის წინ და მეორე ტურში ყველა ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.

კანონმდებლობის შესაბამისად, არაუგვიანეს 14 დღის ვადაში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

2025 წლის არჩევნებში ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო - ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრანი ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×