რეზონანსი
10.12.2025

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს მინისტერიალზე, რომელიც ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ურთიერთმიმართების საკითხებს, აგრეთვე ამ სფეროში სტრასბურგის სასამართლოს დადგენილ სტანდარტებს ეხება.

„წევრი სახელმწიფოების ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო ვალდებულებას და საერთო მიდგომას სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ამასთანავე, ხაზს უსვამს ევროპული სასამართლოს, როგორც კონტინენტზე ადამიანის უფლებების გარანტის, ცენტრალურ როლს, მის დამოუკიდებლობას და საზედამხედველო ფუნქციას“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე.

„მიგრაციის პოლიტიკის, მართლმსაჯულების პოლიტიკის და ადამიანის უფლებების ვალდებულებები არ შეიძლება იყოს ერთმანეთისგან განცალკევებული. ისინი ერთად არსებობენ... მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების საჭიროებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნილების დაბალანსებაა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა მიგრაციის მართვის ქართულ გამოცდილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება“.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×