
მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი. პროტესტის ფორმებს მოვძებნით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, როდესაც შეაფასა პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტი, რომლის შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება.
მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ ხსნის კრიზისს, რომელმაც მოსახლეობის თითქმის ერთწლიანი პროტესტი გამოიწვია.
„მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი. ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით. მთავარია, რომ პროტესტის მიზეზები არ არის აღმოფხვრილი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საპროტესტო მოძრაობისთვის კონკრეტული ვადების დასახელება შეუძლებელია, თუმცა სწორედ ხანგრძლივი წნეხის პერიოდში ყალიბდება რეალური გამარჯვება.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საპროტესტო მოძრაობის გატეხის სხვადასხვა მცდელობა ჰქონდა, თუმცა შედეგი ვერ გამოიღო.
„პატიოსანი პასუხი კითხვაზე - როდის, რა იქნება არ არსებობს. ზოგჯერ ორივე დაპირისპირებულ მხარეს გონია, რომ მარცხდება. ყველა იღლება, იფიტება და გონია, რომ დამარცხდება. აი, ზუსტად ამ დროს თუ გაძლებს საზოგადოება, მაშინ მოიპოვებს გამარჯვებას. განთიადი არის ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. წინააღმდეგობრივი მოძრაობის გატეხა ვერ მოხერხდა ვერანაირი საშუალებით“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მისი განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, თუმცა პროტესტის საერთო სული ერთია – წინააღმდეგობა იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც ქვეყანას „ევროპულ მომავალსა და თავისუფლებას ართმევს“.
ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ალტერნატივა არსებობს და „ნებისმიერ სამართლიან ბრძოლაში დაამარცხებს ივანიშვილს“, თუმცა ოპოზიციამ უნდა ისწავლოს „უსამართლო ბრძოლებში გამარჯვება“.
„4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის იმ მოწოდებებთან დაკავშირებით, რომელიც დასკვნით ნაწილში იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ის სულისკვეთება, რაც 4 ოქტომბერს ადამიანებში არსებობდა, ის არის მიმართული იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს ართმევს ევროპულ მომავალსა და თავისუფლებას.
პოლიტიკური ალტერნატივა რომ არ არსებობდეს, მაშინ არც კანონების მიღება მოუხდებოდათ, არც ვინმეს დაჭერა მოუწევდათ, არც ვიღაცების ქვეყნიდან გაყრა მოუწევდათ და არც ჩვენი თავების დახეთქვა დასჭირდებოდათ. მათ იციან, რომ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ნებისმიერ სამართლიან ბრძოლაში დაამარცხებს ივანიშვილს, უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ უსამართლო ბრძოლებში გამარჯვება“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.