
ძალიან კარგი პროცესია ის, რომელიც პრემიერმა დააანონსა. ფაქტობრივად, გამოვა, რომ ძველი ჯარიმები რეალურად გაიყინება და კომპანია, კეთილსინდისიერი დეველოპერი თუ გააგრძელებს მუშაობას დარღვევების გარეშე, ეს ჯარიმაც ჩამოიწერება, ხოლო თუ არაკეთილსინდისიერად გააგრძელებს, ჯარიმა აღდგება, – ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ განაცხადა.
მარგებაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში, ეს დარღვევები კეთილსინდისიერებასთან არ არის დაკავშირებული, ეს კომპლექსური საკითხია და ძალიან ბევრი პრობლემაა.
„არსებობენ არაკეთილსინდისიერი კომპანიები, რომლებიც ფურცლებით ვაჭრობენ და კვლევებს არ ატარებენ. შესაბამისად, სამინისტროში არ წარადგენენ და აქვთ ვადის დარღვევები. ამ ფურცლებით ვაჭრობისას ვერ ნახულობენ ინვესტორს, ითხოვენ ვადის გაგრძელებას. თუმცა, არსებობს კიდევ ისეთი ვადის დარღვევები, სადაც ბუნებრივი კლიმატის გამო შეიძლება, მოხდეს ისეთი რაღაც, რომ ვერ მოასწრო კვლევის ჩატარება. შეიძლება, წინასწარი მონახაზი გააკეთო, დაიწყო პროექტირება, ჩაატარო პირველი საჯარო განხილვა, მოსახლეობას შეხვდე, აუხსნა, რა პროცესია, რას აკეთებ, ხოლო მეორე საჯარო განხილვის დროს, შეიძლება, აბსოლუტურად სხვა ადამიანი, რომელიც პირველ განხილვას არ ესწრებოდა, მეორე განხილვას დაესწროს, ამბობს, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი არის მისი მამა-პაპისეული. შეიძლება, გქონდეს ამასთან პრობლემა და მოგიწიოს პროექტის შეცვლა, ან მილსადენის გვერდზე გატარება, ან ჰესის შენობის აწევა. ფაქტობრივად, დეტალური პროექტის კონკრეტულ რაღაც ნაწილს თავიდან იწყებ. ამას სჭირდება თავიდან გეოლოგია, ეკოლოგია, ბევრი პროცესის გავლა. ასეთი რაღაცებიც ხშირად ხდება. შესაბამისად, ამ ვადის დარღვევი საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ – არაკეთილსინდისიერი დამრღვევები და დეველოპერი, უნებლიე დარღვევა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
ეს გადაწყვეტილება ძალიან სწორია. შანსს მისცემენ კომპანიებს საქმიანობის დაგეგმვისთვის. სიმკაცრეც რომ შემოღებულია, ესეც ძალიან სწორია, რათა არაკეთილსინდისიერი დეველოპერებისგან თავი ავირიდოთ. რაც შეეხება არაკეთილსინდისიერ ინვესტორებს. კომპანია აფორმებს მემორანდუმს იმის გამო, რომ მერე ეს გაყიდოს. შესაბამისად, არ უნდათ იმ ნახევარი მილიონის დახარჯვა კვლევებისთვის და ფურცლებით იწყებენ ვაჭრობას და ინვესტორის ძებნას. შემდეგ გადის დრო და ჯარიმდებიან. მუდმივად გვაქვს კონტაქტი შესაბამის უწყებასთან. ყველა საკითხი იქნება ქეისებად განხილული. ჩვენ თუ ვხედავთ, რომ სამ თვეში ტოპოგრაფია გვაქვს წარსადგენი და იმდენი წყალი მოდის მდინარეში ამ პერიოდში, რომ უბრალოდ ვერ ვახერხებთ შიგნით შესვლას, ამის დოკუმენტირება უნდა მოხდეს, დასურათება, უნდა მოხდეს აღწერა ამ პრობლემის და წინასწარ უნდა აცნობო, რომ ამიტომ ვერ ვახერხებ. სწორად თუ აგზავნი ყველაფერს და არ სპეკულანტობ, ამაზე ჯარიმას არ დაგაკისრებენ. საპატიო მიზეზი თუ გექნება, გაპატიებენ“, – განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
ცნობისთვის, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია.