რეზონანსი
08.12.2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც ყოველდღიურ სარეაბილიტაციო პროცედურებს საჭიროებს, პენიტენციურ სისტემაში კი აღნიშნულს ვერ იღებს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ეს არსებით ცვლილებას წარმოადგენს, რაც აღკვეთის ღონისძიების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს.

ბურჭულაძის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, არსებითად შეიცვალა გარემოებებიც - მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დასრულებულია, ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა ვერც პირდაპირი და ვერც საკმარისი მტკიცებულებები.

არ მინდა დავაკნინო ბრალდების ან დაცვის მხარე, როდესაც ისინი (დასაკნინებლად არ ვიყენებ ამ ტერმინს) ფაქტების შაბლონური განმარტებებით ხელმძღვანელობენ, თუმცა გარდა შაბლონებისა, თქვენ ბრძანეთ, ბატონო მოსამართლევ, არსებითად რა შეიცვალაო. არსებითი ცვლილებაა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დაცვის მხარემ დაასახელა. ამას ვადასტურებ და ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას, კერძოდ მასაჟები და ა.შ, რაც ვერ კეთდება პენიტენციურ დაწესებულებაში.

მეორე, არსებითად რა შეიცვალა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემ მოსაზრებას. აღკვეთის ყველაზე მძიმე ღონისძიება-პატიმრობა ეს შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულებს. სწორედ იმას ასაბუთებს დაცვის მხარე, რომ ამ საქმეში არ არის მიზანშეწონილი გამოყენებულ იქნეს ყველაზე მკაცრი ზომა.

მეორე, რაც შეიცვალა, ჩემი აზრით, არის ის, რომ რაც მტკიცებულებების მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა დაუსაბუთებელ და ირიბ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის არსებითი გარემოება, რაც შეიცვალა.

აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის.

არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა პირდაპირი მტკიცებულებები. ეს არის ის გარემოებები, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მას ისეთი სპეციფიკური დაავადება აქვს, რომელიც „ქვეყნის მასშტაბით კი არ იკურნება“.

“არის სპეციალური დაავადებები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არ იკურნება, ჩემი პრობლემა ამ კატეგორიას განეკუთვნება. მაგალითად, ერთ-ერთ დაავადებას ესპანეთში ვმკურნალობდი. ასევე მაქვს მორალური პრობლემა, მყავს 8 შვილი, აქედან მცირეწლოვანი შვილი. ესეც გაითვალისწინეთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს ღუდუშაურის გარდა ყველა ბრალდებული ესწრებოდა.

მოსამართლემ, შემდეგი სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×