რეზონანსი
06.12.2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომ დღეებში ჰოსპიტალიზებული ადამიანების რაოდენობას აქვეყნებს. სუს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კლინიკებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მხოლოდ 5 პირს აღენიშნებოდა მსუბუქი ინტოქსიკაცია და ისინი კლინიკიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

ამასთან, ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის’’ ე.წ. „კამიტის’’ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი.

„გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც, ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის’’ ე.წ. „კამიტის’’ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან“, - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

მისი განცხადებით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი და აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

„ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ - პირველი: ქიმიური ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’. მეორე: ქიმიური ნივთიერება - ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). მესამე: ქიმიური ნივთიერება - პროპილენგლიკოლი“, - განმარტეს სუს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×