
ეს არის ხელისუფლების წინააღმდეგ ნაწარმოები ძალიან ცუდი გასროლა, რომელიც მიზანს არ მოხვდება და ბუმერანგად უნდა შეუბრუნდეს იმას, ვინც ამას წლებია აკეთებს. დავიღალეთ გარედან შემოგდებული ფანტაზიებით,- აცხადებს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი „ბიბისის“ სტატიაზე საუბრისას.
„ასეთ ტექნოლოგიას ორი მიზანი აქვს. ერთი არის შიდა აუდიტორიაზე გათვლილი და მეორე, ჩემი აზრით გარე მოხმარების მიზნებს ემსახურებოდა, რადგან ქიმიური ნივთიერება და ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს არის უსასტიკესი ბრალდება რაც კი შეიძლება დღეს მოიძებნოს სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ. მსოფლიო საზოგადოების თვალში საქართველო გამოდიოდა ქიმიური იარაღის გამომყენებელი სახელმწიფო და ამის მსგავსი ჩვენ გვახსოვს ერაყში. ეს იყო ძალიან საშიში ბრალდება და კარგია, რომ ხელისუფლება აპირებს ამას პასუხი გასცეს საერთაშორისო ასპარესზე. ამაზე გაჩუმება შეუძლებელია“, - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.
დღეს, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იყო „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, გამხსნელად გამოიყენეს „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი - არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. სუს-ში ასევე აცხადებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.
BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.