რეზონანსი
05.12.2025

ძალიან დიდი შეცდომა იყო ალეკო ელისაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი, ისევე როგორც 4 ოქტომბრის პოლიტიკური ლიდერების, აქტორების საქციელი არ მიმაჩნდა სწორად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ პარტიამ თავის ოფიციალურ განცხადებაში ცალსახად შეაფასა ელისაშვილის საქციელი.

„ჩვენი პარტიის ოფიციალური განცხადება გაკეთებულია ალეკო ელისაშვილის ჩადენილ საქმეზე, საქციელზე. ჩვენ ცალსახად შევაფასეთ ეს. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ შევაფასეთ, როგორც ძალიან მძიმე შეცდომა. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო, რომ როგორც 4 ოქტომბრის მონაწილეების, ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, აქტორებს, საქციელი არ მიმაჩნდა რაციონალურად, სწორად, არ მიმაჩნდა იმად, რაც ივანიშვილს დააზიანებდა, ასევე მიმაჩნია, რომ ალეკო ელისაშვილის ნაბიჯიც იყო ძალიან დიდი შეცდომა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, „არ მიგაჩნიათ, რომ ამ შეცდომას „ქართული ოცნება“ გამოიყენებს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღს? შესაძლებელია, ამას სამართლებრივი სარჩულიც დაურთოს. ორი ვარიანტია, რით შეიძლება ემუქრებოდეს „ლელოს“ „ქართული ოცნება“. ერთი, რომ საკონსტიტუციო სარჩელში ელისაშვილის ქეისს გამოიყენებს, დაურთავს კიდევ ერთ არგუმენტად, რომ ეს პარტია უნდა აიკრძალოს, გაუქმდეს, ან შესაძლებელია, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მუხლი, რომელიც ტერორიზმის მფარველობას გულისხმობს, გამოიყენოს, რათა მოითხოვოს „ლელოს“, როგორც პარტიის ლიკვიდაცია“, სამადაშვილმა განაცხადა:

„მნიშვნელობა არ აქვს, „ლელო“ იქნება, თუ სხვა პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სისტემაში, რომელიც არის აბსოლუტურად გასული სამართლებრივი ლოგიკის ჩარჩოებიდან. ელისაშვილის მიერ ჩადენილი არანაირი თეორიული ან პრაქტიკული დანაშაული არ არსებობდა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა „ლელო“ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში, სიაში. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სარჩელი შესულია უკვე საკონსტიტუციო სასამართლოში, შესულია მოთხოვნა, „ლელოს“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ეს მოხდა ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ვნახავდით, ყველა დავრჩებოდით განცვიფრებული იმ ფაქტებით, რაც განვითარდა ალეკო ელისაშვილის გარშემო. ამიტომ, არანაირი ფორმალური საფუძველი არ სჭირდება ამ რეჟიმს, რომ ებრძოლოს და იბრძოლოს  ქართული დემოკრატიული, პროევროპული ძალების გასანადგურებლად. ეს არის დავალება, რომელიც მათ რუსეთიდან აქვთ მიღებული, რომ უახლოეს მომავალში განადგურდეს ყველა პოლიტიკური აქტორი, საზოგადოებრივი აქტორი, ვინც დღეს კიდევ იცავს საქართველოს ინტერესებს. ვუშვებ იმას, რომ დამატებით გამოიყენონ ეს საკითხი საკუთარი დღის წესრიგისთვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×