
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. დოკუმენტების თანახმად, პროექტის განმახორციელებელი, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია, მშენებლობა-ექსპლუატაციის ეტაპზე, გეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგი აწარმოოს და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებები გაატაროს. ამასთან, დეპარტამენტმა მდინარის კალაპოტში სამუშაოების დაწყებამდე სამუშაოების წარმოების დეტალური გეგმა უნდა წარადგინოს, სადაც აღწერილი იქნება დაგეგმილი სამუშაოების ტიპი, ხანგრძლივობა და მოსალოდნელი ზემოქმედების სახეები.
„ბიომრავალფეროვნების განახლებული მონიტორინგის გეგმის სააგენტოსთან შესათანხმებლად წარმოდგენა, ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად. ამასთან, მონიტორინგის გეგმაში ასევე ასახული უნდა იყოს შემარბილებელი ღონისძიებების ეფექტიანობაზე დაკვირვების, მონიტორინგის ჩატარების სიხშირის და ვადის/ხანგრძლივობის და სააგენტოსთან ანგარიშგების პერიოდულობის საკითხი”, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ბრძანებაში.
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.13 კმ-ს. ხიდების ჯამური სიგრძე იქნება დაახლოებით 1 112 მეტრი. საავტომობილო გზის დერეფანში გათვალისწინებულია 2 ორზოლიანი და 1 სამზოლიანი ხიდის მოწყობა. გზშ-ის ანგარიშის თანახმად, დაგეგმილია 3 ხიდის მოწყობა. მდ. თერგზე მოეწყობა 269.3 მ და 736.44 მ სიგრძის ორი ორზოლიანი, ხოლო მდ. ჩხერეზე 106.36 მ სიგრძის ერთი სამზოლიანი ხიდი. გზის სავალი ნაწილის კიდიდან უახლოეს საცხოვრებელ სახლამდე მანძილი შეადგენს 40 მ-ს (სოფ. გერგეტი). ანგარიშის თანახმად, საპროექტო სიჩქარე 80 კმ.სთ იქნება. ადგილზე 2 სამოძრაო ზოლი მოეწყობა.
საპროექტო გზის საწყისი მონაკვეთი მიუყვება არსებულ გზას, ხოლო შემდეგ გადაკვეთს მდ. თერგს და გზის ბოლომდე, მთლიანად გადის ახალი მიმართულებით, მდ. თერგის მარცხენა სანაპირო ზოლში. დაუსახლებელი ტერიტორიის (საძოვრები) გავლის შემდეგ, გზა გარკვეულ მონაკვეთში ხვდება მდ. თერგის კალაპოტში და ტრასის ბოლომდე გადის სოფელ გერგეტში, ტრასის ბოლო მონაკვეთი კვეთს ადგილობრივ გზას, რომელიც სოფელ გერგეტს აკავშირებს დაბა სტეფანწმინდასთან, ხოლო დაბა სტეფანწმინდის ტყე-პარკის მარჯვენა მხარეს გადაკვეთს მდ. ჩხერეს და მთავრდება სტეფანწმინდა-გველეთის საპროექტო მონაკვეთთან. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საპროექტო გზის არსებულ გზასთან დაკავშირების მიზნით, საპროექტო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ორი წრიული კვანძის და ერთი მიერთების მოწყობა, კერძოდ მოხდება საპროექტო გზის არსებულ საავტომობილო გზასთან (მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი) და სოფ. გერგეტის წრიული კვანძით დაკავშირება, ხოლო გერგეტის სამების ეკლესიასთან მიერთების მოწყობა გათვალისწინებულია ამაჩქარებელი და შემანელებელი ზოლებით. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება დაახლოებით 24 თვის განმავლობაში. პროექტის მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული მუშახელის რაოდენობა დაახლოებით 40 ადამიანია (60% ადგილობრივი მაცხოვრებელი).