
3 წლის ბავშვი, რომელსაც თელავის ცენტრში მანქანა დაეჯახა, თელავის რეფერალური კლინიკიდან თბილისში გადმოჰყავთ. როგორც AMBEBI.GE-ს კლინიკის დირექტორმა განუცხადა, ბავშვის მდგომარეობა სტაბილური იყო და საჭიროებდა ინტენსიურ მეთვალყურეობას, რის გამოც მისი თბილისის შესაბამის კლინიკაში გადაყვანა მოხდა.
"ბავშვს აღენიშნებოდა ჰემორაგიული გამონაჟონი, მდგომარეობა აქ ყოფნისას იყო სტაბილური, თბილისის კლინიკაში ინტენსიური მეთვალყურეობისთვის იქნა გადაყვანილი" - გვითხრა ხათუნა ჭონიაშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა. ბავშვს ავტომობილი სწორედ ამ დროს დაეჯახა. დაშავებული უგონო მდგომარეობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
"ყველა გაოგნებული ვართ ამ ამბით, ახლა მთავარია ბავშვი კარგად იყოს. დედასთან ერთად იყო მანქანით, ძალიან ყურადღებიანი გოგოა დედამისი, მაგრამ მოგეხსენებათ ბავშვების ამბავი, როგორი ცელქები არიან. ყველაფერი წამებში მოხდა. დედა მაღაზიაში გადავიდა, თან შვილს უყურებდა, მოულოდნელად გააღო ბავშვმა კარი და გადავიდა, ამ დროს დაეჯახა ავტომობილი, ბავშვი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა, საშინელი სურათი იყო. თავი დაარტყა. დედის განწირული ყვირილი გავიგე, რომ მივედით, ბავშვი სისხლიანი დაგვხვდა, დედა შოკში იყო, ისიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ემოციურად. ავტომობილის მძღოლიც, რომელიც ბავშვს დაეჯახა, ძალიან ცუდად იყო. ბავშვის ოჯახი ძალიან ეკლესიურები არიან, ღმერთი გადმოხედავს აუცილებლად, ბავშვი უნდა გადარჩეს" - გვიყვებიან თვითმხილველები.
წყარო: ambebi.ge