რეზონანსი
04.12.2025

რუსეთმა პირველად გამოუშვა იუანში დენომინირებული სამთავრობო ობლიგაციები, რითაც თითქმის 3 მილიარდი დოლარი მოიზიდა და ამავდროულად აღმოსავლეთისკენ თავისი სტრატეგიული ფინანსური ორიენტაცია განამტკიცა, - წერს Financial Times-ი.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა 20 მილიარდი იუანის ობლიგაციების გამოშვების შესახებ 6%-იანი და 7%-იანი შემოსავლიანობით, რომელთა დაფარვის ვადა 2029 და 2033 წლებში იწურება. ეს მოსკოვს ფაქტობრივად უფრო იაფი სესხების მიღების საშუალებას აძლევს, რადგან შიდა განაკვეთები 16%-ზე მეტია. ობლიგაციების ნახევარზე მეტი ბანკებმა შეიძინეს, რომლებმაც ბოლო წლებში იუანში ექსპოზიცია გაზარდეს ჩინეთთან ვაჭრობის წყალობით. როგორც რუსეთის ფინანსთან მინისტრმა ანტონ სილუანოვმა აღნიშნა, გამოშვება ქმნის ლიკვიდურ სუვერენულ ბენჩმარკს რუსული კომპანიებისთვის, რომლებსაც ახლა ჩინეთში სესხის აღება უფრო ხელსაყრელი განაკვეთით შეეძლებათ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს ქვეყნების იუანში სესხებაზე გადასვლის ყველაზე დიდ მაგალითს და აძლიერებს პეკინის საერთაშორისო ვალდებულებას, გააფართოოს თავისი ვალუტის გლობალური გამოყენება. სანქციების ფონზე, რუსეთმა ეფექტურად გარდაქმნა იუანი ახალ სარეზერვო ვალუტად: ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იუანშია, ხოლო ჩინეთიდან იმპორტი და ნავთობის ექსპორტი ქმნის სტაბილურ ფინანსურ ნაკადს ორ ეკონომიკას შორის. მოსკოვი იუანში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებს იყენებს მზარდი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად, პეკინი კი ხედავს მტკიცებულებებს, რომ რუსეთი ინტეგრირებულია ვალუტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მომავალში რუსული კომპანიების მიერ იუანში სესხის აღების მოცულობა შეიძლება გაუტოლდეს იმ მოცულობას, რასაც ისინი ოდესღაც დოლარებში ფლობდნენ, რითაც რუსეთსა და ჩინეთს შორის ახალი ფინანსური წრედის ფორმირება დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×