რეზონანსი
04.12.2025

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს.

ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების განკარგვის ფაქტის შესანიღბად, საბაჟო ტერმინალის რეზერვუარებში, განათავსეს გამოსაყენებლად უვარგისი, ნავთობის დაბინძურებული ნარჩენები.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენისა და კონტრაბანდულად შემოტანილი ნავთობის შემდგომი განკარგვის ფაქტების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×