
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ ალეკო ელისაშვილს ემიჯნებიან, თუმცა მის პარტიასთან „მოქალაქეები“ კოალიციურ თანამშრომლობას აგრძელებენ.
შარმანაშვილის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებული ქმედებების დაგმობა და მის პარტიასთან თანამშრომლობა ურთიერთგამომრიცხავია.
"ისეთი თამაშებია, რომელიც უკვე საინტერესოც აღარ შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის. ისინი ერთ განცხადებაში აკეთებენ ორ ურთიერთგამომრიცხავ აქცენტს: ბოლოს რომ გააკეთეს განცხადება, თქვეს, რომ ჩვენ არ მივესალმებით, არასწორი იყო, ვემიჯნებით ალეკო ელისაშვილის საქციელს და იმავე განცხადებას თუ კარგად წაიკითხავთ, წერია, რომ ეს იყო თავგანწირვის აქტი. შე დალოცვილო, ტერორიზმს რომ თავგანწირვის აქტს დაუძახებ, როგორღა ემიჯნები?! ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე - ყიდიან ხოლმე თავიანთი გამონათქვამები," - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.