რეზონანსი
04.12.2025

ComCom-ის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, „სელფი მობაილმა“ გაიმარჯვა. აბსტრაქტული 4 ლოტის ფარგლებში, კომპანიამ 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში სიხშირეები შეიძინა, რომელთა საფასურმაც ჯამში 23 598 970 ლარი შეადგინა. „სელფი მობაილმა“ სიხშირეები 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინა, საიდანაც 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებით მიიღო. სიხშირული რესურსის მოპოვების შემდეგ, მობილური ოპერატორი შეძლებს გააუმჯობესოს არსებული ქსელის ხარისხი დასახლებულ პუნქტებში, რომელთა მოსახლეობაც 20 000-ზე მეტია.

კომპანია „სელფი მობაილის“ მომართვის საფუძველზე, ComCom-ის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული იყო 6 აუქციონი, მათ შორის 4 აუქციონი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 2 აუქციონი 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში აბსტრაქტულ ლოტებზე. საგულისხმოა, რომ „სელფი მობაილმა“ ლოტები 40%-იანი ფასდაკლებით იყიდა. კერძოდ, კომპანიამ 20%-იანი ფასდაკლება მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების მაღალი სიჩქარის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულების, ხოლო დამატებით 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულების არჩევის საფუძველზე მიიღო.

კომპანია ვალდებული იქნება 2026 წლის 31 დეკემბრამდე მის მფლობელობაში არსებული 2100 მჰც სიხშირული დიაპაზონით თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 28.65 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის  მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურება უზრუნველყოს. ხოლო, აუქციონში მოპოვებული 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით, თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 25 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მომსახურება უზრუნველყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×