
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აშშ-ის სენატში „მეგობარი აქტის“ ჩაგდებას აფასებს. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ეს ფატი უნდა შეფასდეს როგორც პრაგმატული ნაბიჯი ამერიკის მხრიდან.
ამასთან, დეპუტატი იმედოვნებს, რომ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობა მალე აღდგება.
„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისგან დესტრუქციული ნაბიჯები უკვე აღარ იდგმება, არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკა, რაც თავისთავად, გასახარია. ყველა ისეთი აქტი, რომელმაც შეიძლება, ჩვენს მომავალ ურთიერთობებს ან მათ გაუმჯობესებას ხელი შეუშალოს, იბლოკება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, ვინ უწყობდა ამას ხელს; ბაიდენის ადმინისტრაციამ როგორ აურია ეს ურთიერთობები აქაური „ენჯეოების“, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციების ხელითა და მეშვეობით, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და არა პოლიტიკურ ორგანიზაციებს.
ასე რომ, ეს უნდა შეფასდეს როგორც ამერიკის პრაგმატული ნაბიჯი და არ არის შორს ის დღე, როდესაც სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღების ინიციატივა, რომელზეც ოპოზიცია იმედებს ამყარებს, ისევ ჩავარდა. ამერიკული გამოცემა The Hill-ი წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია კანონპროექტი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.