მარიამ ვეკუა
03.12.2025

ხუთსაათიანი მოლაპარაკება მოსკოვში, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მონაწილეობდნენ, სავარაუდოდ უშედეგოდ დასრულდა. გაქუმდა ამ მოლაპარაკების შემდეგ უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ისინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა შეხვედროდნენ. დასავლური მედია წერს, რომ პუტინმა ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უარყო, თუმცა კრემლში ამ შეფასებას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ უბრალოდ „მეგაფონის დიპლომატიის" მომხრეები არ არიან.

„რუსებმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გადამუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმება უარყვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის ხუთსაათიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა", - წერს ბრიტანული „თაიმსი".

ამასთან, რუსეთი ცდილობს მოლაპარაკების ჩაშლა მას არ დაბრალდეს და აქცენტი ევროპაზე გადააქვს. ოფიციალურმა მოსკოვმა უკრაინის ევროპელი მოკავშირეები „მხოლოდ ერთი მიზნის - მთელი სამშვიდობო პროცესის სრულად დაბლოკვაში და რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მოთხოვნების წამოყენებაში" დაადანაშაულა.

შეხვედრა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ, მას შემდეგ შედგა, რაც რუსმა დიქტატორმა ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკებების საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, თავის განცხადებებში, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი „მზადაა" ევროპასთან ომის დასაწყებად:

„ჩვენ არ ვგეგმავთ ევროპასთან ომს. მაგრამ თუ ევროპას სურს და დაიწყებს, ჩვენ ახლავე მზად ვართ".

შეხვედრა ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 7 საათზე დაიწყო და შუაღამის შემდეგ დასრულდა. მოგვიანებით, პუტინის მრჩეველმა იური უშაკოვმა შეხვედრას „სასარგებლო, კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი" უწოდა და დაამატა: „ჩვენ უკრაინაში კრიზისის მოგვარებასთან ახლოს არ ვართ და წინ კიდევ ბევრი სამუშაოა".

მისი თქმით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებების არსი არ გაემჟღავნებინათ. თუმცა, „იყო რამდენიმე პუნქტი, რომლებზეც შეთანხმება შეგვეძლო" და პუტინმა „არ დამალა თავისი კრიტიკული, თუნდაც ნეგატიური პოზიცია რიგ წინადადებებთან დაკავშირებით".

„მას შემდეგ, რაც მან, როგორც ჩანს, უკრაინის კონტრწინადადება 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე უარყო, პუტინმა თავისი პოზიცია კრემლში უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრის დროს შეარბილა. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ჩაწერილ შესავალ სიტყვაში პუტინმა განაცხადა, რომ „მოხარულია" ორი ამერიკელი მომლაპარაკებლის ნახვით", ვკითხულობთ „თაიმსის" სტატიაში.

რუსეთი მოლაპარაკების ჩაშლას უარყოფს

თავად რუსებიც არ უარყოფენ, რომ სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი პუნქტი მათთვისაც მიუღებელია, თუმცა აცხადებენ, რომ ეს პოზიცია მოლაპარაკების ჩაშლას არ ნიშნავს.

„არასწორია ფორმულირება, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უარყო. საქმე ისაა, რომ მოსაზრებების ასეთი პირდაპირი გაცვლა პირველად მოხდა. როგორც გუშინ ითქვა, ზოგი რამ მისაღები იყო, ზოგი - მიუღებელი. ეს არის ნორმალური სამუშაო პროცესი, კომპრომისის ძიება.

„ჩვენ არ ვართ „მეგაფონის დიპლომატიის" მომხრეები და ვხედავთ, რომ ამერიკელებიც იმავე პრინციპს იცავენ. გაცნობიერებული გვაქვს, რომ რაც უფრო მშვიდად წარიმართება ეს მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება ის", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც რუსული მხარე ამბობს, ტერიტორიული საკითხების გარეშე კრიზისის გადაწყვეტა ვერ მოხდება.

„არსებობდა 28-პუნქტიანი დოკუმენტი, ის გადმოგვცეს და, ბუნებრივია, განვიხილეთ. თუმცა, ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან რაიმე დისკუსიის ფორმულირებაზე არ გვიმუშავია. შემდეგ კიდევ რამდენიმე დოკუმენტი მივიღეთ, ოთხი დოკუმენტი, რომლებიც დღეს ასევე განიხილეს ჩვენი პრეზიდენტის უიტკოფსა და კუშნერთან შეხვედრაზე", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.

რაც შეეხება უკრაინას, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უიტკოფსა და კუშნერს ბრიუსელში ელოდებოდა, აცხადებდა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ბედი სწორედ მოსკოვის შეხვედრაზე უნდა გადაწყვეტილიყო:

„მზად ვარ ყველანაირი სიგნალების მისაღებად და მზად ვარ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის. ყველაფერი დღევანდელ საუბრებზეა დამოკიდებული".

„რუსეთი ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადება".

მოსკოვის მოლაპარაკების პარალელურად, ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა მიმდინარეობდა.

„რუსეთი ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადება, ის აგრძელებს ჩვენი შეკავების ძალის გამოცდას, ჩვენ რეალური და ხანგრძლივი საფრთხეების წინაშე ვდგავართ", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა დაარღვია ალიანსის საჰაერო სივრცე თვითმფრინავებითა და დრონებით, განახორციელა დივერსია და გაგზავნა სადაზვერვო გემები ალიანსის წყლებში.

„ეს ქმედებები უგუნური და საშიშია", - აღნიშნა რუტემ.

ამასთან, მისი თქმით, ახლა უკრაინას ალიანსის დახმარება იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე, რადგან ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთის თავდასხმები გრძელდება.

„სამშვიდობო პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ მას შედეგი მოჰყვება. თუმცა, თუ პროცესი გაჭიანურდება ან შედეგს ვერ გამოიღებს, მაშინ რუსეთზე ზეწოლის ორი საუკეთესო გზა არსებობს: პირველ რიგში, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინის სწრაფი დახმარება გაგრძელდება. დღეს ეს ევროპელებისა და აშშ-ის დამსახურებით ხდება. მეორე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს. აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ, რათა სანქციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალურ ზეწოლას მიაღწიონ", - განაცხადა მარკ რუტემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×