რეზონანსი
01.12.2025

საქართველოს ოპოზიციური პარტიები BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დასავლელ მოკავშირეებს განცხადებით მიმართავენ.

განცხადებაში საქართველოს ოპოზიციური პარტიები, მოუწოდებენ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.

ამასთან, პარტიები მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ.

როგორც განმარტებულია, "ქართული ოცნებისთვის" მსგავსი შეზღუდვის დაწესება პრევენციული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, პარტიები უკვე აგროვებენ და ამუშავებენ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება.

„ბიბისის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოძიებამ წარმოადგინა სერიოზული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევისას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.

დადასტურების შემთხვევაში, ეს ფაქტი წარმოადგენს საერთაშორისო ნორმების, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებებისა და საქართველოს საერთაშორისო კონვენციებისადმი ერთგულების უმძიმეს დარღვევას.

ქვეყანაში, სადაც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთ ადამიანს ემორჩილება, მიუკერძოებელი შიდა გამოძიება ვერ ჩატარდება. რასაკვირველია, ავტორიტარული, არალეგიტიმური ხელისუფლება გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მოიწვევას არ გეგმავს - მაშინ, როცა მსგავსი ბრალდების პირობებში, ნებისმიერი ანგარიშვალდებული ხელისუფლება სწორედ ასე მოიქცეოდა.

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხიმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ. "ქართული ოცნებისთვის" მსგავსი შეზღუდვის დაწესება პრევენციული ნაბიჯი იქნება და მნიშვნელოვნად შეამცირებს ადამიანის უფლებების მორიგი უხეში დარღვევის რისკს.

დემოკრატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე ვაგროვებთ და ვამუშავებთ ყველა შესაბამის ინფორმაციას, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებს გადაეგზავნება.

ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: რეჟიმის ცვლილებამდე აიცილოს თავიდან ამგვარი ნივთიერებების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ბიბისის გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება”, -აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები: "ახალი", "გირჩი", "ევროპული საქართველო", "ეროვნულ დემოკრატიული პარტია", "თავისუფლების მოედანი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ფედერალისტები".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×