
„ბიბისის“ ერთ სიუჟეტზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რაც გამოჩნდა ამის შემდეგ, დავინახეთ სქემა, როგორ ორკესტრირდება ცრუ ნარატივების გავრცელება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გამოაქვეყნებულ მასალაზე, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
„ვხედავთ, ერთი მხრივ გარე დავალებების მიმცემები და მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით აგენტები, როგორ ერთიანად, ორკესტრირებულად ამუშავდნენ ცრუ ნარატივის გასავრცელებლად. ეს საერთო ჯამში სასარგებლო პროცესიც არის, რადგან ბოლომდე იშიფირება ყველა – აგენტიც და მისთვის დავალებების მიმცემებიც. დღეს ეს დავინახეთ ზუსტად, სახელებით, გვარებით და სახეებით ვიხილეთ, ვინ არიან ისინი, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ. მეორე მხრივ, ამან ამან აჩვენა, რომ ეს არის ჰიბრიდული ტაქტიკები, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის ეს სიუჟეტი და სიყალბე სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა, რომლის იარაღად არის გამოყენებული ეს სიუჟეტი, თუმცა დამკვეთები და მათი მიზნები კარგად გამოჩნდა იმ გამოხმაურებებით და ვითარებით, რომელიც ვიხილეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
დღესვე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.