
ვისაც დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა, გულწრფელად გირჩევთ, უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.
მაჭავარიანი გამოეხმაურა „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, რომლის სათაურია: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
„სამწუხაროდ, გუშინდელ ჩამონათვალს უკვე დღესვე დაემატა: ვისაც, დაგაჯერეს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა (BBC-იმ გაავრცელა). გულწრფელად გირჩევთ, რომ უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“, – წერს ლევან მაჭავარიანი.