
მშვიდობიანი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებებმა დააზიანა. მათ ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არც ბოდიში მოუხდიათ, - ამის შესახებ პარტიის „გახარიას საქრათველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტში განაცხადა. შარაშიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა ჰქონდეს, ამ აქციას საერთოდ აღარ გაეკარებოდა.
„მშვიდობიანი პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ქმედებებმა დააზიანა. მათ ამაზე პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არც ბოდიში მოუხდიათ. მათ რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა ჰქონდეთ, ამ აქციას საერთოდ აღარ გაეკარებოდნენ. დიდი ქართველის ბრძნული გამონათქვამია - „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“. როდესაც ქვეყანა მართლა გიყვარს და ქვეყნის ინტერესს საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა აყენებ, მაშინ კეთილი ინებე და გაეცალე, როგორც დიდმა ქართველმა ბრძენმა დაგიბარა. ვიდრე ის ძალა იქ არის და პროტესტს აზიანებს, არ გვინდა, პასუხისმგებლობა ამ პროტესტის დაზიანებაზე ავიღოთ, რადგან ამ პროტესტზე გული შეგვტკივა. დღეს იმიტომ ვართ აქ, რომ მიგვაჩნია, ჩვენი აქ ყოფნით გაცილებით სწორი და ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია „ოცნებისთვის“, ვიდრე ამ შემთხვევაში, ქუჩიდან. ეს არის და ეს, თორემ ჩემი პატივისცემა ყველა იმ ადამიანს, ვინც გულწრფელად აღშფოთებულია „ოცნების“ მოღალატეობრივი საქციელით. ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება.
28 ნოემბერი ქვეყნის ინტერესების ღალატის დღეა, რომელიც „ოცნებამ“ და კობახიძემ ჩაიდინეს.ამას პარლამენტის ტრიბუნიდან ვეუბნებოდით. დარწმუნებული ვარ, ამაზე მწვავე ვერცერთ განცხადებას ვერ მოისმენთ, მათ შორის ქუჩიდან. უბრალოდ, თქვენ მოგწონთ ქუჩიდან ყვირილი, ჩვენ უფრო კარგად გამოგვდის, მათ შორის ტრიბუნიდან საუბარი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.