რეზონანსი
28.11.2025

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას.

„სარჩელი, რომელიც რობაქიძის თემას უკავშირდებოდა, საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო. ყველა გახმაურებული თემა, რომელიც თავის დროზე „რუსთავი 2“-ს, ნიკა გვარამიას, სააკაშვილს ეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია, ჩვენი სასამართლო განვითარების სწორ გზაზე დგას. ბუნებრივია, არის გამოწვევები და ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ყოველთვის იქნება რეფორმა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო იღებს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, დაუშვებლად გამოაცხადა ყველა ის საჩივარი, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე იყო შეტანილი. 

სტრასბურგი იზიარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებებით გამყარებულ სამართლებრივ პოზიციას და უარს აცხადებს, მიიღოს საჩივრები საქმეებზე სახელწოდებით: „ფირცხალავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და ასევე, "გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივანები ამტკიცებდნენ, რომ უზენაეს სასამართლოში მათი საქმეების განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლე იყო მიკერძოებული.

გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიმოიხილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმები. მათ შორის: მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის გაძლიერება, მოსამართლეთა შერჩევისა და თანამდებობაზე განწესების პროცედურები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×