რეზონანსი
24.11.2025

საქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) და ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარეობა გადაიბარა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბულგარეთში, PABSEC რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე იქნა მიღებული.

ღონისძიებას სოფიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესწრება. როგორც მან სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, PABSEC-ის საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე.

„ჩვენ გვჯერა, რომ დიალოგი და თანამშრომლობა სტაბილურობას განაპირობებს, ხოლო სტაბილურობა განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამ სულისკვეთებით იბარებს საქართველო PABSEC-ისა და, ასევე, BSEC-ის თავმჯდომარეობას. ჩვენ ამას ვაკეთებთ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით და მტკიცე შემართებით, რათა წვლილი შევიტანოთ ასამბლეის მისიის განხორციელებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურება, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში.

„ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებადობა - ფიზიკური, ციფრული, ეკონომიკური და ადამიანური - ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ცენტრალური საყრდენი უნდა იყოს. ამ კონტექსტში, შუა დერეფანი, დაკავშირებადობის კუთხით, სწრაფ, ეფექტიან და უსაფრთხო მნიშვნელოვან მარშრუტად იქცა. მზად ვართ, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, შესაბამისი პოლიტიკა და პარტნიორული ურთიერთობები, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებსა და კონკურენტუნარიანობას. ისეთმა საფლაგმანო ინიციატივებმა, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურებები, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაჩქაროთ ამ ინიციატივების განხორციელება.

ამასთანავე, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო BSEC-ის პროექტების განვითარების ფონდს (PDF) სექტემბერში ოფიციალურად დაწყებული საქართველო-თურქეთ-ბულგარეთის ერთობლივი პროექტის - „ლურჯი პორტის ინდექსი BSEC-ის ქვეყნებისთვის“ - დაფინანსებისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პროექტს, რადგან ვხედავთ მის პოტენციალს შავი ზღვის პორტების ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.

საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ PABSEC-ის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×