
"ვფიცავ შენს სპეტაკ სიცოცხლეს, უმკაცრესად ვაზღვევინებ ყველას!" - ასეთი წარწერა აქვს გაკრული 28 წლის სადისტურად მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედას ეკა კუპატაძეს ოთახის კუთხეში, სადაც შვილის ფოტოა და კანდელი ანთია.
უმძიმესი დანაშაული თბილისში, თემქაზე მოხდა. ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანს, 1-ლ ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან შურისძიების მოტივით მოზარდები თავს დაესხნენ და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს. დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
"ჩემი შვილის მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო. ის პატარა ლაწირაკები 27 რიცხვიდან იწყებენ მიმოწერას და გეგმავენ გიგას მკვლელობას. სამი დღე უთვალთვალებდნენ და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს... ალექსანდრე გაბაშვილმა და გიორგი რიკაძემ, დაახლოებით 800 მეტრზე ატარეს ქვა, რომლითაც ჩემი შვილი მოკლეს. ეს საფუძველია განზრახ მკვლელობის; გადაიღეს 19-წამიანი ვიდეო, სადაც ჩანს მუშტის დარტყმა სახეში. ამას აღნიშნავს ალექსანდრე გაბაშვილიც ჩვენებაში და ადასტურებს პოლიციის უფროსის მიერ გადაღებული სურათიც. ამის შემდეგ ვიდეო გათიშეს, გიგას ურტყეს წიხლები და თავში ჩაარტყეს ქვა. ეს არის მკვლელობა და არა სხეულის განზრახ დაზიანება. მუშტის კვალი ჩანს პოლიციის უფროსის მიერ გადაღებულ სურათშიც. სურათი ექსპერტიზას მხოლოდ მას შემდეგ მიაწოდეს, რაც მე ტელევიზიებთან ეს გავახმაურე.
მას შემდეგ, რაც გიგა წააქციეს, კი არ მიიმალნენ, სახეში ურტყამდნენ და აგინებდნენ. ამიტომ ჰქონდა არაერთი დაზიანება. შესაბამისად ამას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა. ყბაში ხელის დარტყმით ადამიანს თავის ქალის ძვალს ვერ გაუტეხ. ვერც სახის დაზიანებებს, ვერც მარცხენა ხელის, მუხლის დაზიანებას, თავის უკანა მხარის მძიმე დაზიანებას ერთი დარტყმით ვერ მიაყენებ.
საქმეში დევს გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, საიდანაც ჩანს დანაშაულის ადგილისკენ ჯერ მიმავალი და შემდეგ იქიდან მომავალი ორი არასრულწლოვანი. ჩანაწერებზე დაფიქსირებული დროის მონაკვეთის მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი გიგას დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ. ის 19-წამიანი ვიდეო, ცხადია, ვერ ასახავს სრულ სურათს... ეს იყო დაგეგმილი დანაშაული და ეს ჩანს დამნაშავეების მიმოწერითაც. ერთმანეთს სწერდნენ, როგორ უნდა მოჰქცეოდნენ გიგას. ამ მიმოწერაში აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. გეგმავდნენ, როგორ უნდა მოსულიყვნენ სახლთან, რა ტიპის დაზიანებები მიეყენებინათ, რომ მას ჩივილი ვერასდროს მოეხერხებინა. ამას ადასტურებს წაშლილი მიმოწერები, რომლებიც გამოძიებამ არასრულწლოვნების ტელეფონებიდან ამოიღო. ამ მიმოწერებში ვინც ფიგურირებს, მათგან ორია დაკავებული.
სამი არასრულწლოვანი წინა დღეებში გიგას სახლთან უთვალთვალებდა. რადგან გიგა იმ დღეებში ჩემთან ერთად დადიოდა, გეგმა ჩაუვარდათ. თუმცა 1-ლ ოქტომბერს, დანაშაულის დღეს, ეს გეგმა სისრულეში რომ უნდა მოეყვანათ, ეს ჩანს ბოლო მიმოწერებშიც. იქ ამბობენ, თუკი დღესაც იმ ქალთან ერთად იქნება, მაშინ იმ ქალსაც ჩამოვაცვათ თავზე ტომარა და ანალოგიური დავმართოთო.
ძალოვანებმა ფაქტობრივად, უპერსპექტივო საქმე გახსნეს. მაშინ მეგონა, პატიოსნად გაგრძელდებოდა საქმის მოკვლევა. შემდეგ ჩემი გიგუნა გარდაიცვალა. როცა მე შვილს დავტიროდი, მკვლელების ოჯახებმა ისარგებლეს და საქმე ჩაფარცხეს. სამართალდამცავებმა დაიწყეს გაფანტულად ექიმების თუ ჩვენებების ნაწილში მტკიცებულებების გაყალბება. პოლიციის უფროსს თავის ტელეფონში ჰქონდა ჩემი შვილის სურათი, სადაც ჩანდა დაზიანება, სურათი კი საქმეში არ იდო. მას შემდეგ, რაც ხმაური ავტეხე, მერე დაურთეს საქმეს.
ბოლო დღეებია გამოვიდა ბოტები გიგას გასაშავებლად. მე ძაძებით შემოსილი უსუსური ქალი შევებრძოლები სახელმწიფოს, რომელიც ვალდებული იყო დაეცვა დაზარალებულის უფლებები.
არ ეკადრება გიგა ავალიანს, რომ მას მიწა ჭამდეს და დედამისი სამზეოზე იყოს, მაგრამ სწორედ ამიტომ დავრჩი ცოცხალი, რომ ვიბრძოლო ჩემი შვილის ღირსების დასაცავად. სახლში რომ მივედი 11 საათი და 48 წუთი იყო. გიგა რომ არ დამხვდა, დავურეკე, კლინიკიდან მიპასუხეს. კლინიკაში მითხრეს, ქუჩაში იპოვეს გათიშულიო, სულ სველია და ტანსაცმელი მოუტანეთო... მესმოდა, როგორ ხმებს გამოსცემდა ჩემი შვილი. მაშინ ვთქვი, ვფიცავ შენს სიცოცხლეს, ყველას ვაზღვევინებ-მეთქი. არ მეგონა, თუ სახელმწიფოსთანაც მომიწევდა ბრძოლა", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ეკა კუპატაძემ.
წყარო: "კვირის პალიტრა"