
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნამდვილი სამშვიდობო გეგმა უნდა ეფუძნებოდეს გარანტირებულ უსაფრთხოებასა და სამართლიანობას.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ დელეგაციაზე საუბრისას ზელენსკიმ დაამატა, რომ მათ "იციან როგორ დაიცვან უკრაინის ეროვნული ინტერესები და რა არის საჭირო, რათა რუსეთს მესამე შეჭრის დაწყების საშუალება არ მიეცეს“.
"ახლა სასწორზე დევს გაცილებით მეტი, ვიდრე ერთი ან მეორე პუნქტი ამა თუ იმ დოკუმენტში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროპის ან მსოფლიოს არცერთი ნაწილი არ დაუშვებს იმ აზრს, რომ დანაშაული ხალხისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, სახელმწიფოებისა და ერების წინააღმდეგ, შეიძლება იყოს დაჯილდოებული ან მიტევებული
რეალური მშვიდობა ყოველთვის ეფუძნება გარანტირებულ უსაფრთხოებასა და სამართლიანობას. ეს მხოლოდ ჩემი გრძნობა არ არის. ვიცი, რომ ეს არის მილიონობით ჩვენი მოქალაქისა და მსოფლიოს უმეტესი ნაწილის განწყობა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.
ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას.