
ლონდონის, ბერლინისა და პარიზის მთავრობები და უკრაინის სხვა ძირითადი მხარდამჭერები უარყოფენ ომის დასრულების შესახებ აშშ-ის სამშვიდობო გეგმას მისი ამჟამინდელი სახით. ევროპელი ლიდერები სამხრეთ აფრიკაში, G20-ის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის წინადადებასთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებზე შეთანხმდნენ, წერს Der Spiegel-ი.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი შეიძლება, საფუძვლად გამოდგეს, მას შემდგომი განვითარება სჭირდება, ნათქვამია G20-ის სამიტის ფარგლებში საგანგებო შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროპულმა ქვეყნებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ პროცესში, რათა მომავალი მშვიდობის მდგრადობა უზრუნველყონ. ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ს გაუგზავნეს სადავო 28-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვნად გადამუშავებული ვერსია. დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიმართულებით. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 28 პუნქტი დამატებით დახვეწას საჭიროებს.
„ორშაბათს ლუანდაში, ევროკავშირი-აფრიკის კავშირის სამიტის ფარგლებში, უკრაინის საკითხზე სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე ევროკავშირის 27-ვე ლიდერი“, - დაწერა მან X-ზე.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის, კანადისა და იაპონიის ლიდერებმა ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიუღებელი პუნქტები გამოავლინეს. მათ აღიარეს, რომ 28-პუნქტიანი გეგმა შეიცავს „მნიშვნელოვან ელემენტებს“, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად, თუმცა არსებობს ნიუანსები.
ამიტომ ევროპელებს ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ სულ მცირე ოთხი პუნქტის შეცვლა სურთ. უპირველეს ყოვლისა, ევროპელები არ ეთანხმებიან ტერიტორიული დაყოფის წინადადებას, კერძოდ, მთელი დონბასისა და ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას.