
პანიკა ნიგერიის ქრისტიანულ ეკლესიაში სროლის ხმას მოჰყვა. ეკლესიის შენობას ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ღვთისმსახურების დროს გაუხსნეს.
მალევე, რამდენიმე შეიარაღებული პირი ტაძარში შეიჭრა. ერუკუს ეკლესიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელებმა გაიტაცეს პასტორი და რამდენიმე პირი, მოქალაქეებს წაართვეს ნივთები.
ეს უკვე მეორე თავდასხმაა ბოლო 5 დღეში. პოლიცია ამ დრომდე ეძებს კათოლიკური სკოლის 300-ზე მეტ მოსწავლესა და 12 მასწავლებელს. სამძებრო ოპერაციაში ჩართულები არიან სამხედროებიც. შეიარაღებული პირები წმინდა მარიამის სკოლას თავს გუშინ, გამთენიისას დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც.
მედია წერს, რომ გატაცებები და თავდასხმები ხშირია, მიზანი კი ფულის გამოძალვაა. სკოლებს თავდამსხმელები სპეციალურად არჩევენ, რადგან ეს ობიექტები ნაკლებად დაცულია. გარდა ამისა, მშობლები უფრო მეტად არიან მზად, გადაიხადონ გამოსასყიდი.
სამძებრო ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ჩხრეკენ ტყის მასივებს, სადაც, სავარაუდოდ, თავდამსხმელები იმალებიან. სპეცოპერაციას თვალყურს ადევნებს ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც G-20-ის სამიტზე ვიზიტი გააუქმა.
ნიგერიაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე ცხელ წერტილად ჩრდილოეთით მდებარე რეგიონები ითვლება. აქ სულ 20 შტატია, სადაც ათეულობით მილიონი ადამიანი და 200-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. არსებული ვითარების გამო კი უმრავლესობა სასიცოცხლო გამოწვევების წინაშეა.