რეზონანსი
22.11.2025

არ შეიძლება, თვითონ საკითხის ინიციირება იყოს ასეთი კრიტიკის საფუძველი, ვინაიდან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე.

წამყვანმა მას ჰკითხა: „კარგად გვახსოვს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნის პერიოდში ნინო ლომჯარიამ „კონსერვატიული მოძრაობის“, „ალტ-ინფოს“ გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა, თუმცა იმის გამო, რომ თავად ომბუდსმენს არ აქვს უფლება, სარჩელი შეიტანოს, ამის გაკეთება კონკრეტულ ძალებს სთხოვა. მათ შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიები, რომელთაც ეს არც გაუპროტესტებიათ და არ გვინახავს რაიმე კრიტიკაც ამ პროცესის მიმართ. ხომ არ არის ეს ერთგვარი კონკრეტული მაგალითი ორმაგი სტანდარტის, საერთოდ რას ჰგავს ეს პროცესი?“

გიორგი კახიანის თქმით, სხვა შემთხვევაც ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, როდესაც ერთ-ერთი პარტიის მიმართ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიტანეს სარჩელი.

„ანუ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. თავად ასეთი პრეცედენტები არსებობს, მაგრამ როდესაც ერთ შემთხვევაში ეს თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და მეორე შემთხვევაში ამას კრიტიკა მოჰყვება, რა თქმა უნდა, ეს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. არ შეიძლება, რომ თვითონ საკითხის ინიციირება იყოს ასეთი კრიტიკის საფუძველი, ვინაიდან საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.

სხვათა შორის, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, საქართველოში პარტიების დაცულობის თვალსაზრისით საკმაოდ მაღალი სტანდარტია დადგენილი იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოა ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია იმსჯელოს პარტიის არაკონსტიტუციურობაზე“, - აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ სამი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელი 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×