
ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ, ჩვენი გეგმაა - რუსეთის დასუსტება და უკრაინის მხარდაჭერა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა მხარს სამართლიან, მყარ და ყოვლისმომცველ მშვიდობას. დღეს ბოლო მოვლენები განვიხილეთ და [უკრაინის საგარეო სააქმეთა] მინისტრმა სიბიგამ მოკლედ გაგვაცნო უკრაინის პოზიცია. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა: ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა წარმატებული რომ იყოს, მას მხარი უკრაინამ და ევროპამ უნდა დაუჭირონ", - განაცხადა კალასმა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს ნამდვილად რომ ნდომოდა მშვიდობა, ის უპირობო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე წინადადებას ჯერ კიდევ მარტში დათანხმდებოდა.
„რუსეთი არაერთხელ აჩვენებდა თავს, თითქოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უჭერს მხარს. წინა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან რუსეთმა არანაირი რეალური ვალდებულებები არ აიღო. ზეწოლა აგრესორზე უნდა ხდებოდეს და არა მსხვერპლზე. აგრესიის დაჯილდოება მხოლოდ მეტ აგრესიას გამოიწვევს.
ევროკავშირს ძალიან ცხადი ორპუნქტიანი გეგმა აქვს: პირველი - რუსეთის დასუსტება, მეორე - უკრაინის მხარდაჭერა", - განაცხადა კალასმა.